აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდა
თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსი 7 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს -ჯუანშერ ბურჭულაძესა და ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ბონი ჯენკინსმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიური თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე (GDDEI), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.
„ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ლაშა ხუციშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროგრამები.
„აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამასთან თანამშრომლობის კუთხით“.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა, მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს, „რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით“.
თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემაც ხაზი გაუსვა ამ ფორმატში თანამშრომლობას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს 5-7 ოქტომბერს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. იგი გუშინ კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იგი გამოხატავს ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ მიმართ, რომელიც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი კაცის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლისა და რეალობის დაფარვაა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)