ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

ამ კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმ საფრთხეებსა და რისკებზე იმსჯელეს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

ამავე ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფომ მდივნის მოადგილემ შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ პროცესებში საქართველოს როლზეც იმსჯელეს.

მათვე საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებასა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზეც გაამახვილეს ყურადღება, რაც „აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის“.

ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაც აღნიშნა, რაც მისივე თქმით, „ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზეც მოიწვია, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს 5-7 ოქტომბერს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. იგი გუშინ კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იგი გამოხატავს ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ მიმართ, რომელიც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი კაცის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლისა და რეალობის დაფარვაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button