ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრიტიკას პასუხობს

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ კელი დეგნანზე მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან თავდასხმები ახსენდება.

თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განსაკუთრებით ბოლოს დროს განხორციელებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი კაცის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლისა და რეალობის დაფარვაა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იგი გამოხატავს ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ მიმართ, რომელიც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სწორედ მელიასა და გვარამიას ჰქონდათ აშშ-ის ელჩის მიმართ, მსგავსი ტიპის განცხადებები, მათ შორის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. „სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, არ ვიცი, ვის გულისხმობდა თავად ის [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე], მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი – მელია, გვარამია, სხვა თავდასხმა ამერიკის ელჩზე არ ყოფილა“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის მინიშნებაზე, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კელი დეგნანის მიმართ ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების განცხადებებს გულისხმობდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მათ ყველაფერი უბრალოდ კითხვებით დაიწყეს, რასაც „არ გაეცა პასუხი“. „ეს, ეს რა თქმა უნდა, არ არის თავდასხმა“, – დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად – აპირებს თუ არა ქართული ოცნება მათგან გასულების რომელიმე განცხადებისგან მაინც გამიჯვნას? – ირაკლი კობახიძემ თქვა – „ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებენ ურთიერთობებს და ა.შ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვექნებოდა გამიჯვნა“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც“.

„ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეცდება, ამ ადამიანებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, მათ დაიცავს კონსტიტუცია“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button