ახალი ამბები

სოხუმის დაცემის დღეს სამოქალაქო სექტორი მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის „არსებითად“ ახალი პროცესის დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

არასამთავრობოების თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებულმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ აჩვენა, რომ „რეგიონში ჯერ ისევ ნორმად რჩება იმპერიული ამბიციებისა თუ ტერიტორიული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრაქტიკა“.

აღნიშნავენ რა ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ „კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევა, მაინც არასაკმარისი და სუსტი რჩება“.

„მიუღებელია ომისა და მშვიდობის საკითხების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება: ხელისუფლება ცდილობს ომის საკითხით სპეკულირებას და მის ოპონენტებს საქართველოს ომში ჩათრევის მსურველებად შერაცხვას“, – განმარტავენ არასამთავრობოები.

ისინი გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს წარსულში დატრიალებული ტრაგედიების საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად გამოყენების გამოც აკრიტიკებენ და ხაზს უსვამენ, რომ „ყველა ერთად კი საქართველოს მოსახლეობის ტრავმებს და შიშებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რასაც კავშირი არ აქვს არც მშვიდობასთან და არც სამართლიანობასთან“.

მათივე თქმით, საქართველოში მეორე ფრონტზის გახსნის საფრთხეზე და დასავლელი პარტნიორების მიერ ომის მხარდაჭერაზე დაუსაბუთებელი საუბრები, „არის სწორედ ამ ტრავმების პოლიტიკური მანიპულაცია, რომელსაც, სხვა მრავალთან ერთად, შედეგად მოაქვს ქართველების, აფხაზების და ოსების კიდევ უფრო მეტი გაუცხოება, ერთმანეთისადმი შიში და სიძულვილიც კი“.

უფლებადამცველების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, „პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და შეთანხმებულად იმოქმედონ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად“.

აღნიშნულის ფონზე ისინი მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის არსებითად ახალი პროცესის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ რომელიც შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:

  • ადამიანის უფლებების პატივისცემას, ადამიანების საჭიროებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და თანასწორობის პრინციპს;
  • მრავალდონიან, პირდაპირ და კეთილსინდისიერ დიალოგს აფხაზ, ოს და ქართველ პოლიტიკურ, პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებს შორის;
  • კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის ტრავმების გააზრებას, შეცდომების აღიარებას და დანაშაულებების გამოძიებას;
  • კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და კონფლიქტებით გაყოფილი საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშესახებ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ ძალასა და ოპოზიცია საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დააყენონ მოკლევადიან, ვიწროპარტიულ და პიროვნულ ინტერესებზე მაღლა. ამასთან, ჰქონდეთ შინაარსიანი, საკითხებზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი დიალოგი ერთმანეთთან, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნისთვის უმოკლეს დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება.

ერთობლივ განცხადებას ხელს 37 არასამთავრობო ორგანიზაცია და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პირი აწერს. მათ შორის არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ქალთა ფონდი საქართველოში“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და სხვ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button