skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგმა „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსარჩელეები 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დროს მათ მიმართ მშვიდობიანი შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ასაჩივრებდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სამმა სამოქალაქო აქტივისტმა – გიორგი მაქარაშვილმა, ზუკა ბერძენიშვილმა და ირაკლი კაჭარავამ 2020 წლის მაისსა და ივნისში მიმართეს. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედურად მარიკაშვილი იცავდა.

რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 2022 წლის 1 სექტემბრით თარიღდება, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ უფლებები არ დარღვეულა.

რაც შეეხება ირაკლი კაჭარავას, სასამართლომ თქვა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის, როგორც მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), ისე მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება).

სასამართლომ საქართველოს, როგორც მოპასუხე მხარეს, კაჭარავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით 1 600 ევროს ოდენობის გადახდა დააკისრა.

მე-11 მუხლთან მიმართებით, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ დაასაბუთა, რომ 2019 წლის 18 წლის ნოემბრის აქციის განზრახვა ძალადობა ან ძალადობისკენ წაქეზება იყო. ამასთან, ვერც ის აჩვენა, რომ აქცია ძალადობრივი იმ დროს გახდა, როდესაც მომჩივნების შესახებ დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპული სასამართლოს განცხადებით, ამაზე არც შიდა სასამართლოების მსჯელობაშია საუბარი.

თუმცა, სასამართლომ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ აქციის მიზანი, როგორც ეს თავად მომჩივნებმა აღიარეს, პარლამენტის მუშაობის შეფერხება იყო, რისთვისაც მათ შენობის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს.

სასამართლოს განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ მაქარაშვილს და ბერძენიშვილს არც ძალადობრივი ქმედებები ჩაუდენიათ და ამგვარი ქმედებებისკენ არც სხვები წაუქეზებიათ,  პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და შემდგომში, ამ შესასვლელების გასახსნელად პოლიციის მცდელობების ხელშეშლა, ადგილობრივი კანონმდებლობის, მიცემული გაფრთხილებებისა და პარლამენტის დემოკრატიულად არჩეულ წევრთა საჭიროებებისა და უფლებების აშკარა უგულებელყოფით, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც „გასაკიცხი“ საქციელი.

სასამართლო ასევე აღიარებს, რომ მოსარჩელეთა დაკავება და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა  ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს – არეულობის თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მაქარაშვილისა და ბერძენიშვილსგან განსხვავებით, მასალებით არ დასტურდება, რომ კაჭარავა პარლამენტის შენობის შესასვლელელების ბლოკირებას ცდილობდა ან პოლიციელებს მათ გათავისუფლებაში უშლიდა ხელს.

რაც შეეხება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ევროპული სასამართლოს თქმით, თუკი წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ბერძენიშვილისა და მაქარაშვილის მიმართ ეს უფლება დაირღვა, საწინააღმდეგო ჩანს კაჭარავასთან მიმართებით.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, კაჭარავასთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება საქალაქო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა. ამასთან, ვერც უზენაესმა სასამართლომ აჩვენა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სათანადოდ იმსჯელა.

2019 წლის ნომებრის საპროტესტო აქციები

2019 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციები ქართული ოცნების მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათ მიერვე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა.

18 ნოემბრის საპროტესტო აქციისას სამართალდამცველებმა ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჯამში 37 პირი დააკავეს, მათ შორის, გიორგი მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა.

მაშინ, სასამართლომ მაქარაშვილს 12-დღიანი, ბერძენიშვილს 7-დღინი, კაჭარავს კი – 4-დღიანი ადიმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button