ახალი ამბები

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

„ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი”, – დაწერა Facebook-ზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 30-წლისთავთან დაკავშირებით.

მანვე აღნიშნა, რომ„რაც ყველაზე სამწუხაროა“, ომმა „ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა“.

„ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

14 აგვისტოს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე.

„14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის. ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ მოვლენების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

მისივე თქმით, „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით, რათა ასეთი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს“.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოდგილემ ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი ვალია, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკის საფუძველზე ჩვენ მოვახერხოთ შერიგება და ჩვენს აფხაზს და ოს ძმებთან და დებთან ერთად, შევძლოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა“.

„რუსეთი უკვე წლებია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას“, – დაწერა Facebook-ზე რუსლან აბაშიძემ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია“.

„რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას… ჩვენ ვუზიარებთ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოსთვის ევროპული დღის წესრიგით გახსნილ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აბაშიძემ.

მანვე დასძინა, რომ „გვჯერა, მხოლოდ მშვიდობიანი ქმედებებითა და სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button