skip to content
ახალი ამბები

IDFI-ი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე მთავრობის გეგმას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში განაცხადა, რომ 2026წლამდე, საჯარო მოხელეების ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით ზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის გეგმა, „აჩენს ეჭვებს საჯარო სექტორის ლოიალურობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით“.

კვლევის თანახმად, ხელფასების დაანონსებული ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი 2.55 მლრდ ლარია, რაც 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 55%-ით (900 მლნ ლარი) აღემატება. კვლევის თანახმად, 2021 წლის მონაცმებით, საჯარო სექტორში 301 500 ადამიანია დასაქმებული, „რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, „კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა“. ამის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად IDFI-ი „არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობას“ ასახელებს, „რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე, შეუძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა [და] კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში დაგეგმილი ხელფასების ზრდით ბიუჯეტის ტვირთის შემსუბუქებისათვის და სახელფასო ზრდის სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდა მოხდეს „იმ ზღვრული მოცულობით, რაც არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთის ზრდას“.

„მათ შორის, განხილულ იქნას ბიუროკრატიული აპარატის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, თანხების გამოთავისუფლების შესაძლებლობები”, – ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, ხელფასები შრომის ბაზრის დეტალური შესწავლის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით უნდა გაიზარდა, და „არა ყველა დასაქმებულზე თანაბარი პროპორციულობით“.

IDFI-ის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია, მათ შორის, სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გაააქტიუროს საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგი.

  • სრული ანგარიშის სანახავად მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button