ახალი ამბები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე კურორტ ბიჭვინთის ნაწილის – სახელმწიფო აგარაკების მთლიანი კომპლექსისა და 186 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის რამდენიმე ათწლეულით იჯარით გადაცემასთან დაკავშირებულ წუხილებს გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, „დროულად გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ“.

რუსეთისთვის ბიჭვინთის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაწყდა, თუმცა ამ დრომდე, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. შეთანხმების დასასრულებლად რუსეთმა ძალისხმევა ცოტა ხნის წინ გააძლიერა და შეთანხმების შესაბამისი ახალი ტექსტი 2022 წლის 19 იანვარს გახდა საჯარო, რამაც კამათი გამოიწვია. საკითხი აფხაზეთში თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია და მის გარშემო მოქალაქეთა და ხელმძღვანელ პირთა პოზიციები ორად არის გაყოფილი.

საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზეც განიხილეს. ოკუპირებული გალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ დაპირისპირების მთავარი წყარო ის არის, რომ „მსგავს მგრნობიარე საკითხებს ხელისუფლება საზოგადოებასთან წინასწარ არ განიხილავს. ფართო აჟიოტაჟი სწორედ ამით არის განპირობებული და არა ანტირუსული განწყობებით“. „აბაზა ტვ-ის“ დირექტორმა და ჟურნალისტმა, რუსლან ხაშიგმა აღნიშნა, რომ „კურორტის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა დოკუმენტის სამართლებრივი შეფასებაა აუცილებელი“. თავის მხრივ, რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ პირობა დადო, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“, მიხეილ შურგალინს შეხვდება.

25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იმისთვის გააკრიტიკა, რომ „დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა“.

„ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი“, – ხაზი გაუსვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.

ორგანიზაციისვე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურებას ოკუპირებული რეგიონების ელიტებისა და საზოგადოების „აშკარა უკმაყოფილება“ ახლავს, რუსეთი კი – ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს, საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო პოლიტიკასა და რეგიონებისთვის ეკონომიკური, სოციალური ალტერნატივების შეთავაზებაზე უნდა იმუშაოს.

„სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება პასიური და უმოქმედო ჩანს“, – ხაზი გაუსვეს ორგანიზაციაში.

დასასრულს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მოუწოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და პროცესის შესაჩერებლად ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა გამოიყენოს. ამასთან, საზოგადოებას აცნობოს, თუ რას აკეთებს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში.

საგარეო საქმეთა მინისტრისადმი ოპოზიციის ნაწილის მიმართვა

დღესვე, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ღია წერილით მიმართა და უთხრა, რომ „სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე“.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, საგარეო უწყების უშუალო ვალდებულებაა ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც „აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან“, – ხაზი გაუსვეს დეპუტატებმა.

ღია წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი, მოქალაქეებიდან; ​თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებლიდან; ​ანა ბუჩუკური – პარტია საქართველოსთვის; ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკელებიდან; ვახტანგ მეგრელიშვლი – გირჩიდან; ​თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი.

შენიშვნა: მასალა 26 ივლისს, 11:25 სთ-ზე ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button