ახალი ამბები

2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 78%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 78%-ით მეტია.

„ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით“, – განაცხადა საქსტატმა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ესპანეთი 196.1 მლნ აშშ დოლარით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 34.5%), რაც ესპანური კომპანიის FCC Aqualia-ის მიერ ქართული წყალმომარაგების კომპანია Georgia Global Utilities-ის აქციების 80%-ის შესყიდვით არის განპირობებული. 

ესპანეთს მოსდევენ – გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ აშშ დოლარით (15.3%) და თურქეთი 67.1 მლნ აშშ დოლარით (11.8%).

წყარო: საქსტატი

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით თურქეთს მოსდევენ ჩინეთი – 36.4 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდები – 33.6 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 31.7 მლნ აშშ დოლარით; მარშალის კუნძულები – 18.3 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 10.2 მლნ აშშ დოლარით და გერმანია – 9.2 მლნ აშშ დოლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 236.4 მლნ აშშ დოლარი ენერგოსექტორზე მოდის; შემდეგია – ფინანსური სექტორი – 111.1 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონების სექტორი – 81.3 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობა – 37.4 მლნ აშშ დოლარით და ტრანსპორტი – 23.4 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button