ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაციას გასცემს.

„ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რეზოლუცია ერთგვარი მინიშნებაა, რომ, შესაძლოა, საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. „ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება“.

„იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს რეზოლუციას, რომელიც ითხოვს პოლიტიკისგან „სრულად დისტანცირებული“ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, პარალელურად კი – „ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – [მიხეილ] სააკაშვილისა და [ნიკა] გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს“.

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა“.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა“.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან“.

„ოპოზიციის გათვლა მარტივია“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, – „საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება“.

„ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა“.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროა“, რომ ევროპარლამენტი ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი აღმოჩნდა და რეზოლუციაში „არაერთი ფაქტობრივ უზუსტობა“ და „ტყუილი“ შეიტანა.

ამის მაგალითებად მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანისა და „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საკითხები დაასახელა.

„როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია“.

მან ასევე უარყო ის ფაქტი, რომ თითქოს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის შემდეგ, „ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია“. „სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული“.

„გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button