ახალი ამბები

საქართველო ევროპარლამენტისგან „ბოლო გაფრთხილებას“ იღებს

სტრასბურგში 8 ივნისს გამართული პლენარული სხდომის დროს ევროპარლამენტმა რეზოლუციის – „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – ფარგლებში არგუმენტები მოისმინა.

მრავალპარტიული რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა, სვენ მიკსერმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ და მიგელ ურბან კრესპომ მოამზადეს. სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, კარინ კარლსბრო, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, იოახიმ კუჰსი, რიჩარდ ჟარნეცკი, პიტერ პოლაკი და ანდრეა კოზოლინო.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელმაც დისკუსია გახსნა, განაცხადა, რომ როგორც ევროკავშირის კანდიდატობის მისწრაფების მქონე ქვეყანამ, საქართველომ „უნდა დაიცვას ძირითადი პირობები, მათ შორის, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს“.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ჩვენ მედიის თავისუფლების სერიოზული შელახვის მოწმენი გავხდით, რაც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია“.

აღიარა რა ქართველი ხალხის სურვილი, რომ საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული იყოს, ლექსმანმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, რათა უზრუნველყოს „გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, განაგრძოს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, შეაჩეროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუშალოს დემოკრატიულ უკუსვლას“.

ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაკისრება საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლის გამო“.

„ჩვენ უმოქმედოდ არ ვიდგებით მაშინ, როდესაც მედიის თავისუფლების მდგომარეობა უარესდება და დემოკრატიულ უკუსვლას აქვს ადგილი, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური დარბევები ახსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მაჩვენებელი ბოლო ორ წელიწადში პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ გლობალურ ინდექსში მნიშვნელოვნად დაეცა.

მან განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული სამართლებრივი ბაზისა, „ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და დასძინა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება „საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით“ შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედება ბევრი თვალსაზრისით იმედგაცრუებას იწვევს“, – აღნიშნა მიკსერმა.

ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ უფრო მტკიცე და მომთხოვნი კომუნიკაციაა საჭირო საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები სწორედ მათ უნდა განახორციელონ.

სვენ მიკსერმა ასევე მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ ყურადღებით გააანალიზონ შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და გეგმა, რათა „ჩვენმა კეთილგანწყობილმა ნაბიჯებმა უნებლიეთ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“.

მარინა კალიურანდი: „რამდენიმე თვის წინ, სწორედ ამ დარბაზში, ჩვენ დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ, კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მოლდოვის მიღწევები ვაღიარეთ და დღეს, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევას განვიხილავთ. მე არ ვყოფილვარ რეზოლუციის ინიციატორებს შორის, არ მიმაჩნია ის გადაუდებლად, თუმცა ვეთანხმები კოლეგებს, რომ საქართველოში პრობლემები არსებობს, რაზეც ასევე ვისაუბრე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლიდერი იყო ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს შორის, სამწუხაროდ, ბოლო დროს დაკარგა ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან – მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც ასე საჭიროა საქართველოში. შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. სწორედ ამას ელის ქართველი ხალხი თქვენგან“.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოს ხელისუფლება ისეთ „მიუღებელ ქმედებებში დაადანაშაულა, როგორებიცაა – კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე მათი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და დევნა“, რაც ევროკავშირის კანდიდატობის მიმართ ქვეყნის ამბიციებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში მედიის თავისუფლების დაცვას იმ შემთხვევაშიც კი, „თუ ეს ძალაუფლებაში მყოფთა პოლიტიკის ღია კრიტიკას ნიშნავს“, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა დაუშვებელია.

„დროა, თბილისმა გაიგოს, რა დევს სასწორზე ქვეყნის მომავლისთვის“, – აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button