ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების პერსონალი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შრომის ანაზღაურების 100%-ით გაზრდის მოთხოვნით 27 მაისიდან თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია 7 ივნისს არის დაგეგმილი.

მოცემული მომენტისთვის, სასწრაფოს თანამშრომლები თვეში 7-8 დღეს 24 სთ-იან რეჟიმში მუშაობენ და პოზიციების შესაბამისად მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 200-2 000 ლარს შორის მერყეობს.

თანამშრომელთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი მათთვის ხელფასის 50%-იანი დანამატის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. სასწრაფო დახმარების პერსონალს სახელფასო დანამატი პანდემიის გამო გაზრდილი გამოძახებების პარალელურად დაუნიშნეს. თუმცა, თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ დაპირებისამებრ მათ 50%-იანი დანამატი მუდმივად უნდა მიეღოთ.

პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, სასწრაფო დახმარების უფროსმა ექიმმა, მაგული ებიტაშვილმა 31 მაისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში განმარტა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მათ თვეში 15-16 სამუშაო დღეზე გადასვლა (დღეში 12 სთ-იანი დატვირთვით) და ღამით მომუშავე ბრიგადების შემცირების ხარჯზე ხელფასების 20%-ით ზრდა შესთავაზა.

„მათ შემოგვთავაზეს ე.წ. სადამსჯელო ღონისძიება…, მაგრამ ეს სადამსჯელო ღონისძიება არის არა მხოლოდ ექიმებისთვის და, ზოგადად, სამედიცინო ბრიგადებისთვის, არამედ, გარკვეულწილად, ეს არის ქალაქ თბილისის მოსახლეობისთვისაც“, – განაცხადა მან.

ებიტაშვილის განმარტებით, არასაკმარისი ხელფასების ფონზე მათ რამდენიმე სამსახურში დატვირთვა უწევთ, თუმცა ახალი გრაფიკი მათ ამის შესაძლებლობა უსპობს.

„ჩამოგვაკლეს 50% და გვპირდებიან ვითომ 20%-ის მომატებას. ანუ, რაც გვქონდა, ის შემოსავალიც არ გვექნება“, – განმარტა მან და ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფოს პერსონალისთვის ახალი შეთავაზება არის „კატეგორიულად“ მიუღებელი.

31 მაისს გამართულ აქციაზე, პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ, კონსტანტინე მელნიჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფოს პერსონალს ხელფასის მომატების შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიამდე ჰქონდა. „მაგრამ, კოვიდის დროს ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა სწორი, რომ ჩვენ ხელფასზე გვესაუბრა“, – ხაზი გაუსვა მან.

მელნიჩუკმა ასევე განმარტა, რომ დანაპირებით, პანდემიის დასრულების შემდეგ, მათთვის დანიშნული დანამატი ხელფასში უნდა ასახულიყო.

„სრულიად გაუფრთხილებლად, როდესაც კოვიდი დასრულებული არ არის, ინფიცირებული პაციენტები, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ არიან, მოგვიხსნეს ეს დანამატი. დანაპირებიც არ შეგვისრულეს“, – თქვა მან მედიასთან საუბრისას.

პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ანაზღაურების 100%-ით მომატების შესახებ პროტესტის მონაწილეთა მოთოხნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულმა აქციებმა გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 27 მაისს განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ის 50%-იანი დანამატი ჩაურიცხეს, რომელიც აპრილის თვეში მოუხსნეს.

პარალელურად, მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა გუშინ განაცხადა, რომ საპილოტო მოდელი, რომელიც სასწრაფოს თანამშრომელთა 12 სთ-იან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანას გულისხმობდა და ძალაში 1 ივნისიდან შედიოდა ძალაში, გაუქმებულია.

ხელისუფლების პოზიცია

სასწრაფოს პერსონალის მოთხოვნების საპასუხოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე კუტიბაშვილმა განაცხადა, რომ თანამშრომლებს 50%-იანი დანამატი დატვირთვიდან გამომდინარე დაენიშნათ და იმის გათვალისწინებით, რომ გამოძახებების რაოდენობა პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, ის მოიხსნა.

სასწრაფოს პერსონალისთვის 12-სთ-იანი სამუშაო გრაფიკის შეთავაზებაზე საუბრისას, ალექსანდრე კუტიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს „უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და გააუმჯობესებს და აამაღლებს მომსახურების ხარისხს“.

მისი ინფორმაციით, ექიმ-რეანიმატოლოგის შრომის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 2 000 ლარია, სასწრაფოს ექიმის ანაზღაურება 1 700 ლარი, ექთნის 1 300 ლარი, მძღოლის კი – 1 200 ლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button