ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორი ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს

ახალი სამოქალაქო ინიციატივის – „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ დამფუძნებლები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავენ და სთხოვენ მხარი დაუჭიროს „საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს“.

31 მაისით დათარიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა „თაობის ადამიანი იმედოვნებს“, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება „კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროკავშირს“.

„[საქართველოსთვის] კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, – აღნიშნეს მათვე.

ინიციატივის დამფუძნებლების თქმით, „ქვეყნის ევროპული გზა… ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია“ და „ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ მათი ქვეყნის ადგილი თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია“.

„საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას დღესაც ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ პოლიტიკურ პროგრამას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დღეს, საფრთხეებითა და გაურკვევლობით აღსავსე ეპოქაში, როდესაც სრულიად ახალი სამყარო იბადება – სწორედ ევროპის იდეა, მისი მშვიდობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის და ყოველი მოქალაქის ღირსების გზა აერთიანებს ყველა ქართველს, განსხვავების და გამყოფი ხაზების მიუხედავად“.

წერილის ავტორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის არაერთი მიმართულებით შეტანილი წვლილიც გაიხსნეს და ხაზი გაუსვეს, რომ „ამ მრავალმხრივი საქმიანობის წარმატების შესაფასებლად და მიზნების დასახვისას ჩვენ სწორედ ევროპულ გამოცდილებას და სტანდარტებს ვეყრდნობით“.

აღნიშნეს რა ევროკავშირის მხარდაჭერით ქვეყნის მიერ მიღწეულ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატება, მათ ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოში კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი“.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დაუღალავი მუშაობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადეს ხელმომწერებმა.

მათვე იმედი გამოთქვეს, რომ „ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება“.


ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვანებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ახალი ინიციატივა – „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ – 27 მაისს დააფუძნეს და 9-პუნქტიანი მანიფესტიც წარადგინეს, რომელიც საქართველოს „ევროპულ გზას“ ეხება.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასების კითხვარის მეორე, ბოლო ნაწილი 10 მაისს წარადგინა. ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 24-25 ივნისის სამიტზე უნდა მიიღონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button