skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსეთის ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა და ოპოზიციური პარტიის „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების იდეა ამჟამად მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს.

„როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა [ანატოლი ბიბილოვმა] რეფერენდუმის შესახებ განაცხადა, ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ სწორედ იმ მომენტიდან საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, – თქვა მან.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯებმა უბიძგეს საქართველოს, რომ კიდევ ერთხელ წავიდეს რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გაგლოევმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა უარს აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებაზე და ამის მიზეზად „ეროვნულ ინტერესებს“ ასახელებს.

გაგლოევის თქმით, რუსეთთან მიერთება „ბიბილოვის ინიციატივა არ არის“. „ჩვენმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე ჩაატარა რეფერენდუმი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხალხის აზრი ამ საკითხზე“.

„ბიბილოვი ამ სიტუაციაში ჩვენს რუს კოლეგებს ითრევს და ამით რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაციას ახდენს და რესპუბლიკაში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს“, – იტყობინება „ტასი“ გაგლოევის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთება „ვერ იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება“.

„ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალს რუსეთის პოზიციას და როგორც კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი სიგნალს მოგვცემს, სამხრეთ ოსეთი და მისი ხალხი მზად იქნება დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და საჭიროების შემთხვევაში, შემხვედრი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა მან.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლება ვლადიმირ პუტინის სახით, სხვა საკითხებით არის დაკავებული, რომლებიც, მიმაჩნია, რომ უფრო სერიოზულია“, – დასძინა მან.

ცხინვალის რეგიონში ხვალ „საპრეზიდენტო არჩევნები“ გაიმართება. სულ ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი, მათ შორის აშშ, ევროკავშირი და ეუთო, ამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button