skip to content
ახალი ამბები

ტოივო კლაარი მოსკოვის ბრალდებებს პასუხობს 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი დისკუსიების 56-ე რაუნდის გადადებასთან დაკავშირებით მოსკოვის ბრალდებებს გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან „ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფორმატი“ და მორიგი რაუნდის გადადებას „არამეგობრული და პოლიტიზებული ნაბიჯი“ უწოდა.

„არ მიმაჩნია, რომ ის [გონჩარის განცხადება] ზუსტად ასახავს თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებას მორიგი რაუნდის გადადების თაობაზე“, – უთხრა ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოს“.

„ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“, – განაცხადა კლაარმა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული მოსამზადებელი შეხვედრები მოლაპარაკებების გადადებულ 56-ე რაუნდამდე, რომელიც თავდაპირველად მარტისთვის იყო დაგეგმილი, მართლაც გაუქმდა, მათი ჩართულობა დისკუსიების ყველა მონაწილესთან გაგრძელდა.

„მაგალითად, მიმდინარე კვირას, მე და ჩემმა გუნდმა შეხვედრები გავმართეთ როგორც თბილისში, ისე სოხუმში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თანათავმჯდომარეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს დისკუსიების მონაწილეებს შორის.

ამ კუთხით, ტოივო კლაარმა ხაზი გაუსვა, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ჩვეულებისამებრ გაგრძელდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უწინდებურად ფუნქციონირებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თანათავმჯდომარეები ჟენევის პროცესის ერთგულნი რჩებიან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დისკუსიების ჟენევაში განახლება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სიტუაციას“.

„მე სავსებით ვაცნობიერებ იმ მნიშვნელობას, რომელსაც მოსახლეობა ამ პროცესს ანიჭებს და ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება მალე განახლდეს პირისპირ კონსულტაციები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო ძალისხმევის სასარგებლოდ“, – დასძინა კლაარმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button