ახალი ამბები

საზოგადოების განწყობები უკრაინის, რუსეთისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიემართება, 31 %-ის აზრით კი – სწორი მიმართულებით. 2021 წლის ივნისში ეს რიცხვები 62% და 26% იყო.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასახავს მოქალაქეების განწყობებს მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და სხვ.

ქვემოთ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საქართველოს რეაგირების თაობაზე რესპონდენტთა მოსაზრებებია წარმოდგენილი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 486 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

მეგობრები და საფრთხეები

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 54% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 53% აშშ-ს, 45% უკრაინას, 20%20% თურქეთსა და აზერბაიჯანს, 7% სომხეთს, 4%-4% კი – რუსეთსა და ჩინეთს (რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ).

გამოკითხულების 90% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 8% თურქეთს ასახელებს, 5% კი – აშშ-ს.

რესპონდენტების 45% ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ევროკავშირია, შემდეგ მოდიან – აშშ 42%-ით; თურქეთი და უკრაინა 32%-32%-ით; აზერბაიჯანი – 24%-ით; ჩინეთი – 14%-ით; რუსეთი – 11%-ით.

83%-მა საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ რუსეთი დაასახელა.

რუსეთთან ურთიერთობები

კითხვაზე – მხარს უჭერენ თუ ეწინააღმდეგებიან რუსეთთან შემდგომ დიალოგს? – რესპონდენტების 34%-მა თქვა, რომ მხარს სრულად უჭერენ (2021 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 56% იყო), 28% კი – აღნიშნა, რომ გარკვეულწილად უჭერენ (2021 წლის ივნისი – 22%).

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ეწინააღმდეგება. 25%-მა აღნიშნა, რომ სრულად ეწინააღმდეგება, 11% კი – თქვა, რომ გარკვეულწილად ეწინააღმდეგება (2021 წლის ივნისში ეს მონაცემები 11% და 9% იყო).

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას კარგად უმკლავდება. მოწონების მაჩვენებელმა 2018 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

11% და 36% დადებითად ან გარკვეულწილად დადებითად აფასებს ქართული ოცნების ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან (2021 წლის ივნისი – 2% და 21%). გამოკითხულების 26% ამ ურთიერთობა გარკვეულწილად ნეგატიურად აფასებს, 20% ძალიან ნეგატიურად (2021 წლის ივნისი – 28% და 42%).

გარდა ამისა, საქართველო-რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, გამოკითხულების 42% თავს უფრო დაუცველად გრძნობს, ვიდრე დაცულად. 24% ძალიან დაუცველად გრძნობს. ეს 2016 წლის მარტის შემდეგ დაუცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თავს დაცულად მხოლოდ 4% გრძნობს, 27% კი – უფრო დაცულად, ვიდრე არა – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია 2016 წლის მარტის გამოკითხვის შემდეგ.

ამასთან, რესპონდენტების 77% ამბობს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია კვლავაც გრძელდება, 17%-ის აზრით დასრულებულია, თუმცა, სავარაუდოდ, კვლავგანახლდება.

უკრაინა

რესპონდენტების 83%-მა თქვა, რომ საქმის კურსშია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საქართველოს მთავრობის რეაგირების შესახებ.

მათგან 28% უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლების რეაგირებას საკმარისად მიიჩნევს, 25% გარკვეულწილად საკმარისად.

თავის მხრივ, 18%-მა აღნიშნა, რომ მთავრობის ქმედებები გარკვეულწილად არასაკმარისია, 26%-მა კი განაცხადა, რომ სრულიად არასაკმარისია.

საგარეო პოლიტიკური კურსი 

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რესპონდენტების 44%-მა განაცხადა, რომ საქართველოს კურსი მხოლოდ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული. 38%-მა აღნიშნა, რომ ის პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა საქართველომ რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობები.

შედარებისთვის, 2021 წლის ივნისის კვლევის დროს, ეს მაჩვენებლები 32% და 52% იყო.

ამას გარდა, რესპონდენტების 6%-მა განაცხადა, რომ საქართველოს კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და დასავლეთთან.  1% მხოლოდ პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსის მომხრეა.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 74% სრულად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ევროკავშირში, ხოლო 14% გარკვეულწილად უჭერს მხარს. 10% ან ძლიერ, ან გარკვეულწილად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

კითხვაზე – როდის გაწევრიანდება საქართველო ევროკავშირში? – რესპონდენტების დიდმა ნაწილმა – 43%-მა განაცხადა, რომ არ იცის/უარი თქვა პასუხზე. 24% განაცხადა, რომ 2025 წლის შემდეგ და 11%-მა თქვა, რომ არასდროს. რესპონდენტების 7%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირში 2023 წელს ან მანამდე შევა, 8%-ს – 2024 წელს, ხოლო 7%-ს – 2025 წელს.

რაც შეეხება ნატოს, 60% სრულად, ხოლო 15% გარკვეულწილად უჭერს მხარს ალიანსში გაწევრიანებას. 8% გარკვეულწილად, ხოლო 12% ძლიერ ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

რესპონდენტების 43%-მა არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შევა საქართველო ნატოში. 22%-მა განაცხადა, რომ ეს არასდროს მოხდება, ხოლო 22%-მა უპასუხა, რომ 2025 წლის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button