Placeholder canvas
ახალი ამბები

მედია: ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იქნება

სხვადასხვა მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში 10 აპრილს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ რეგიონის მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.

სააგენტო „ტასი“ ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატზე, ალექსანდრ პლიევზე დაყრდნობით წერს, რომ ბიბილოვი მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს დაუპირისპირდება.

„ბიულეტენების 80%-ის შედეგების მიხედვით ალან ედუარდის ძე ლიდერობს“, – უთხრა პლიევმა „ტასს“.

პლიევი, რომელიც ცხინვალის „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა“, საკუთარ მხარდამჭერებს გაგლოევის მხარდაჭერისკენ უკვე მოუწოდა.

ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ჯამში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

„ტასის“ ცნობით, დანარჩენმა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა – გარი მულდაროვმა და დმიტრი ტასოევმა მეორე ტურში მხარდაჭერა ასევე გაგლოევს გამოუცხადეს.

ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ცნობით, „არჩევნებში“ მონაწილეობა ამომრჩევლის 82.07%-მა მიიღო. ცხინვალში ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის შესახებ სანდო ცნობები არ არსებობს, თუმცა, რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ცნობით, მათი რაოდენობა დაახლოებით 34 000-ია.

ცხინვალის „არჩევნები“ უკვე დაგმო თბილისმა და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button