ახალი ამბები

ბიბილოვი ახალგორელებს: დანარჩენ საქართველოში გადასვლა კვლავაც შეზღუდული იქნება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მიმართა ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული რჩება მანამ, სანამ თბილისი არ გააუქმებს ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ პოლიციის საგუშაგოს.

„ვიცი, რომ გამგზავრება და ნათესავების მონახულება გინდათ. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ სამხრეთ ოსეთს საქართველოს შიდა პრობლემებში იყენებდნენ“, – განაცხადა ბიბილოვმა 1 აპრილს.

გადაადგილებაზე რამდენიმეწლიანი შეზღუდვის გამართლების მიზნით, მან განაცხადა: „მას შემდეგ, რაც საქართველომ უკანონო პოსტი ააშენა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“.

„თავს ნუ მოატყუებინებთ. ვიცი, რომ სხვები გეუბნებოდნენ „ამირჩიე მე და გზას გაგიხსნით“…,  მაგრამ თქვენ მოგატყუებენ, გზას არ გახსნიან, რადგანაც ის პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან“.

„შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ დრო გაივლის და ლენინგორის რაიონი საქართველოს ნაწილი გახდება. მოდით, ილუზიებით ნუ მოვიტყუებთ თავს“, – დასძინა მან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ ოძისისა და სინაგურის გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა და მიზეზად, ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დროს, თბილისიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები დაასახელა.

დაკეტვამდე ოძისის პუნქტის გავლით დღეში საშუალოდ 400-მდე გადასვლა-გადმოსვლა ხდებოდა.

კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, 2020 წელს ბიბილოვის ადმინისტრაციამ დანარჩენ საქართველოსთან ხუთივე გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რითაც რეგიონის მოსახლეობა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა, მათ შორის, სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისითაც.

შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 16 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩაკეტვის შედეგად მათი სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანა შეფერხდა.

ასევე 2020 წლის ნოემბერში მედია იტყობინებოდა, რომ ცხინვალმა ახალგორის მცხოვრებლებს „ოჯახთან გაერთიანების პროგრამის“ გამოყენება და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებთან „გასაერთიანებლად“ საკუთარი სახლების მუდმივად დატოვება შესთავაზა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button