ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრობს

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და მის ტერიტორიებზე შეჭრაზე ისაუბრა.

„პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამას „შემდეგ უბრძოლველად მოჰყვება საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა“.

„ეს არის უდიდესი საფრთხე“, – ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა.

„ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რომ რაც არ უნდა მექნა მე 2008-ში, სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ არაფერი არ შემეტყობინებინა მსოფლიოსთვის, სულ რომ ერთი ტყვია არ გაგვესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის“, – თქვა ექსპრეზიდენტმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის“, თუმცა „არ უშველა“.

„როდესაც მიდის დათვი შესაჭმელად, რამდენი ბაბაიაც არ უნდა უძახო, არ შველის“, – თქვა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველო ომს თავიდან ვერ აიცილებდა.

„ჩვენზე გამოვცადეთ პირველად ყველაფერი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში… ეს არის დიდი ტრაგედია, [რასაც] მოჰყვება დიდძალი მსხვერპლი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ მის „მძიმე ნევროლოგიურ მდგომარეობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დათანხმდეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მისი კიევში „სამედიცინო ტრანსფერის“ შესახებ.

მანვე პირობა დადო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, იგი მზად არის, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების ფარგლებში გამოძახების შემთხვევაში, თბილისში დაბრუნდეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება ამ პირობას დათანხმდება, იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს საპროტესტო აქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, იგი მზად არის, რომ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერიოს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას. თუმცა, მმართველი გუნდის ლიდერები აქამდე აცხადებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის და მთავრობა მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემას არ განიხილავს.


ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ადეკვატური მკრუნალობის მოთხოვნით, ხელახალი შიმშლობა დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button