ახალი ამბები

ქართული ოპოზიცია პუტინის მიერ დონბასის აღიარებას გმობს

ქართული ოპოზიციური პარტიები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 22 თებერვალს უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილება „წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“.

„აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დღეს გავრცელებულ განცხადებაში პარტიამ ლელო საქართველოსთვის აღნიშნა, რომ „რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და „იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს“.

პარტიაში იმედი გამოთქვეს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით“.

დროას 22 თებერვლის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლითა და გაეროს წესდებით განსაზღვრული საბაზისო პრინციპების – საზღვრების ურღვევობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის უხეში დარღვევაა.

„პუტინის გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ღია განაცხადს რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ, რომელიც ნათელს ჰფენს რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიის რეალურ მიზანს, აგრეთვე, მკაფიოს ხდის კრემლის მოქმედების სამომავალო ტრაექტორიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

21 თებერვალს, პუტინის გადაწყვეტილებას გინებით უპასუხა პარტიამ გირჩი-მეტი თავისუფლება.

ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რუსეთი „თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი გავლენისგან დამოუკიდებლობისკენ მიილტვიან და აქვთ დასავლური მისწრაფებები“.

„დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის შეცდომა“, – დაწერა Twitter-ზე გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ „ახლა, მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ.“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button