ახალი ამბები

წერილობითი წინადადებები რუსეთს: ნატო საქართველოს კარს არ უხურავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 იანვრის საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც  რუსეთისათვის მიწერილ წინადადებებზე საუბარს მიუძღვნა, აღნიშნა, რომ ალიანსის კარი კვლავაც ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის.

„პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს თუ რომელ უსაფრთხოების სისტემაში სურს ან არ სურს ყოფნა“, — აღნიშნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეფმა და დასძინა: „სწორედ ამიტომ, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებებს, შემოიტანონ წევრობაზე განაცხადი და სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ მათთან ძალზე ძლიერ და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.

სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად ალიანსი ყურადღებას ამახვილებს რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ და უკრაინამ უნდა გაატარონ, განსაკუთრებით თავდაცვისა და უშიშროების ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაძლიერების კუთხით, რათა ორმა ქვეყანამ ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ნატოს წერილობითი წინადადებები რუსეთს

სტოლტენბერგის თქმით, ნატომ, ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად, წერილობითი წინადადებებით უკვე მიმართა მოსკოვს. ნატოს წინადადებათა თანახმად, ალიანსსა და რუსეთს სამ საკვანძო საკითხზე შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ესენია:

  • ნატო-რუსეთის ურთიერთობები – სტოლტენბერგის თქმით, ნატომ მოსკოვში, ხოლო რუსეთმა ბრიუსელში ოფისები უნდა აღადგინონ; მხარეებმა სრულად უნდა გამოიყენონ სამხედრო კომუნიკაციის მოქმედი არხები, რათა ხელი შეუწყონ გამჭვირვალობასა და რისკების შემცირებას; შექმნან სამოქალაქო ე.წ. ცხელი ხაზი საგანგებო შემთხვევებისათვის.
  • ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის, უკრაინაში და უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია: „ჩვენ მზადა ვართ მოვუსმინოთ რუსეთის საწუხარს და გვქონდეს გულწრფელი საუბარი, თუ როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ის პრინციპები, რომელთაც ჩვენ ყველანი შევუერთდით, დაწყებული ჰელსინკის დასკვნითი აქტით“, — თქვა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს გულისმხობს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს უსაფრთხოების რომელ სისტემას შეუერთდება. ნატოს შეფის თქმით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს სამხედრო იძულებით მუქარებისაგან, აგრესიული რიტორიკისა და მავნე ქმედებებისაგან, რომელნიც მიმართულია მოკავშირეებისა და სხვა ერებისადმი. „რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განთავსებულნი“, — თქვა სტოლტენბერგმა.
  • რისკის შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი – ნატოს გენმდივნის თქმით, საჭიროა მხარეებმა პრაქტიკული ზომები გაატარონ. ალიანსის აზრით, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში იმართებოდეს ბრიფინგები სამხედრო სწავლებებისა თუ ბირთვული პოლიტიკის შესახებ. მისი თქმით, შესაძლებელია ასევე სამხედრო გამჭვირვალობის შესახებ ვენის დოკუმენტის განახლება და მუშაობა კოსმოსსა თუ კიბერსივრცეში საფრთხეების შესამცირებლად; ამასთან, ნატოს აზრით, საჭიროა კონსულტაციები იმაზეც, თუ როგორ იქნეს თავიდან არიდებული ინციდენტები საჰაერო სივრცესა თუ ზღვაში, ასევე საჭიროა, მხარეებმა საკუთარ ვალდებულებად მიიჩნიონ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესახებ. ამასთან, ნატოს შეფის თქმით, საჭიროა ალიანსმა და რუსეთმა „სერიოზული საუბარი“ გამართონ შეიარაღების შეზღუდვაზე, მათ შორის, ბირთვული იარაღისა და საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ.

სტოლტენბერგის თქმით, ყველა ამ ძალისხმევის გაწევისას, ნატო მჭიდროდ ითანამშრომლებს უკრაინასთან, ასევე ყველა სხვა პარტნიორთან, მათ შორის, ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსა და ევროკავშირთან ერთად.

ამბის წინაისტორია:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button