skip to content
ახალი ამბები

გაჟონილი ინფორმაცია: ნატოსა და აშშ-ის პასუხები მოსკოვის უსაფრთხოების მოთხოვნებზე 

ესპანურმა გაზეთმა El País-მა დღეს ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონფიდენციალური პასუხებია მოსკოვის უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მათ შორის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ალიანსის არგაფართოებაზე.

დოკუმენტების გაჟონვამდე ცოტა ხნით ადრე, 26 იანვარს, ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთგულება ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მიმართ.

მაშინ, როდესაც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პასუხის შინაარსზე დეტალურად ისაუბრა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. საჯაროდ არცერთი დოკუმენტი გამოქვეყნებულა. 

აშშ-ის პასუხი 

აშშ-ის სავარაუდო პასუხის თანახმად, მართალია, ვაშინგტონი მზადაა, რომ რუსეთთან დიალოგში ჩაერთოს, ის „ნატოს ღია კარის პოლიტიკას კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს“. 

ტექსტი ასევე ახსენებს რუსეთს „ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი, თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების ორმხრივად შეთანხმებულ კონცეფციას, რომელიც ასახულია 2010 წლის ეუთოს ასტანის სამიტის დეკლარაციაში, სადაც შეერთებული შტატებმა და რუსეთმა დაადასტურეს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ხელშეუვალი უფლება, რომ თავად აირჩიოს ან შეცვალოს უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის, ხელშეკრულებები ალიანსის შესახებ“.

სამხედრო წვრთნების კონტექსტში, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ, ნატოელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების გზით, მზად არის წვრთნებისა და ბირთვული საფრთხის შემცირების ზომების შესახებ შეტყობინების გაფართოებული რეჟიმი შეიმუშაოს.

თუმცა, ის ასევე გამოხატავს შეშფოთებას, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „წინასწარი შეტყობინების ან სათანადო გამჭვირვალობის გარეშე“ ტარდება.

ტექსტი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის იმ ქმედებების გამო, რასაც „შავ და აზოვის ზღვებზე სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება მოჰყვა“.

დოკუმენტი ხაზს უსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზაციის და პროვოკაციული ქმედებების გამო, მათ შორის, ნატოს მოკავშირეების საზღვრების მახლობლად.

უკრაინის კონტექსტში, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის შემდგომი სამხედრო მობილიზაცია ან შემდგომი აგრესია აიძულებს აშშ-ს და ნატოს საკუთარი თავდაცვითი პოზიციები გააძლიერონ. 

ნატოს პასუხი 

ნატოს სავარაუდო პასუხში ნათქვამია, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება გაძლიერდება, თუ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, საზღვრების დაურღვევლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და თავს შეიკავებს მუქარისა და ძალის გამოყენებისგან.

ამ კონტექსტში, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებას თავად აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოების სისტემები, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარედან ჩარევის გარეშე.

„ამ თვალისაზრისით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება გაძლიერდება, თუ „რუსეთი გაიყვანს საკუთარ ძალებს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, სადაც ისინი მასპინძელი ქვეყნის თანხმობის გარეშე არიან განთავსებულნი“.

ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა ფორმატებში, როგორებიცაა – ნორმანდიის ფორმატი, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და მოლაპარაკებები 5+2 ფორმატში.

ნატო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს შეიარაღებული ძალების განლაგებისგან, ასევე აგრესიული ბირთვული რიტორიკისა და მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საზიანო ქმედებებისგან.

აღნიშნავს რა, რომ „ნატოს კონფრონტაცია არ სურს“, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები „ვერ და არ წავლენ კომპრომისზე იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ალიანსი და უსაფრთხოება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ მაშინ, როდესაც ალიანსი მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის, „უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შეწყვეტა გადამწყვეტი იქნება რეალური პროგრესის მისაღწევად“.

დოკუმენტში ასევე ნათქვაია, რომ არცერთი სხვა სახელმწიფოსთვის არ შეუთავაზებიათ მსგავსი ურთიერთობა ან ინსტიტუციური ჩარჩო, როგორც რუსეთისთვის, თუმცა მოსკოვმა „ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისშივე დაამსხვრია ნდობა და გლობალური ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურ პრინციპებს დაუპირისპირდა“.

„ნატო იმ ფუნდამენტური პრინციპებისა და შეთანხმებების ერთგული რჩება, რომლებიც ევროპულ უსაფრთხოებას ამყარებს“, – ნათქვამია დოკუმენტში. „ვწუხვართ, რომ რუსეთმა სწორედ ის ღირებულებები, პრინციპები და ვალდებულებები დაარღვია, რომელთა შემუშავებასაც ხელი შეუწყო და რომელთაც ნატო-რუსეთის ურთიერთობა ემყარება“,- ხაზგასმულია იქვე.

დოკუმენტი ასევე შეიცავს რამდენიმე შემოთავაზებას რისკების შემცირების, გამჭირვალობის გაზრდისა და იარაღის კონტროლის კონტექსტში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button