skip to content
ახალი ამბები

„ერთობის დღეს“ უკრაინამ საქართველოს მხარდაჭერა მიიღო 

უკრაინის ეროვნული „ერთობის დღეს“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე გამოაცხადა, საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა 16 თებერვალს Twitter-ზე მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რთული გამოწვევის ფონზე“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვულმა ასევე Twitter-ზე დაწერა – „ამ რთულ დროს, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“.

ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც თბილისში უკრაინის საელჩოში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო, Twitter-ზე დაწერა – „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას და ძლიერ მხარდაჭერას მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, რადგანაც კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გუშინვე, თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – დაწერა თბილისის მერიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გზავნილს ქართულ და უკრაინულ ენებზე მადლიერების წერილებით უპასუხა და აღნიშნა, რომ „მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას“.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „უკრაინა გრძნობს და აფასებს ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობას“.

„ორივე მამაცმა ერთმა ძალიან კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოდის. მნიშვნელოვანია, ამ საერთო ბრძოლაში უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთის მხარდაჭერა ჰქონდეთ“, – აღნიშნა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button