skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ

ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, რვავე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ევროპულმა საქართველომ, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმების 3.78% მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ პირველმა თქვა. პარტიის განცხადებით, მისი ორი მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობას არც მეორე ტურში მიიღებს.

შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიამაც არჩევნებზე 1% მიიღო, ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარო არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ „ქართული ოცნების“ წევრებმაც უნდა თქვან. ხმების 3.15%-ის მქონე პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარტია არ ცნობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას უერთდება და პარლამენტში შესვლაზე ასევე უარს ამბობს, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიც, რომელმაც ხმების 2.89% მიიღო.

ბოიკოტს ასევე შეუერთდა გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებელი, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ხმების 3.15% მიიღო.

ოპოზიციური გაერთიანება ენმ-ძალა ერთობაშია, რომელიც ხმების 27.13%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა. მანამდე ბლოკმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებზე უარის თქმის შესახებ გააკეთა განცხადება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც ხმების 1.33% მიიღო, 1 ნოემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას პარლამენტის ბოიკოტირებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

ხელახალ არჩევნებს ითხოვს პატრიოტთა ალიანსიც. პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პარტია 7 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. მისი თქმით, აქციები მანამდე არ დასრულდება, სადაც ქართული ოცნების ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს.

სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები

მიუხედავად ოპოზიციის ერთსულოვნებისა, იმისათვის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბოს და დეპუტატებმა მისი უფლებამოსილება ცნონ, უბრალო უმრავლესობაც (76 ხმა) საკმარისია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას პროპორციული სიით 61 მანდატი უკვე აქვს, ამასთან პარტიამ 14 მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში მოიგო. ახლა მმართველ პარტიას უბრალო უმრავლესობისთვის მეორე ტურში 16-დან მხოლოდ 1 ოლქის მოგება სჭირდება. ვინაიდან ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, ყველა ოლქს მოიგებს პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატით შევა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, არჩევნების საერთო საერთაშორისო ლეგიტიმაციის ფონზე, ბევრი დამკვირვებელი შიშობს იქნება, თუ არა პარლამენტის ბოიკოტი პარტიების სწორი გადაწყვეტილება.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 48.17% მიიღო. 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში პირველივე ტურებში გამარჯვებასთან და მეორე ტურების უმეტესობის მოგების პერსპექტივასთან ერთად, მმართველი პარტიას თითქმის გარანტირებული უმრავლესობა ექნება ახალ პარლამენტში, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის იმედებს საფუძველშივე კლავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button