skip to content
ახალი ამბები

წულუკიანი „ფეიკ ნიუსების“ შემზღუდველი კანონის საჭიროებაზე საუბრობს 

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერად დაინიშნა, 12 ივლისს ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფეიკ ნიუსების“ აღმოსაფხვრელად კანონის მიღებაა საჭირო.

წულუკიანის თქმით, „საზოგადოებაში გაჯდა აზრი“, რომ გამოხატვის თავისუფლება არის „რაღაც ხელშეუხებელი ღვთაება, რომელსაც ვერ შეეხები. არადა, გამოხატვის თავისუფლება ერთადერთი მუხლია ევროპულ კონვენციაში, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მას ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები“.

მისივე თქმით, მედიასაშუალებების ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ „სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება“.

კულტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მედია ცდილობს შექმნას განცდა, თითქოს „ქვეყანა ინგრევა, ხელისუფლებამ მოკლა ოპერატორი, ილია II დასაჭერია“.

საზოგადოებაში მეტი ახსნაა საჭირო, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის „უსაზღვრო”, აღნიშნა კულტურის მინისტრმა. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრობისას შესაბამისი კანონი დაუწერიათ, მაგრამ „ის შემოდებული იქნა თაროზე ბევრჯერ“ იმიტომ, რომ „ეს არ არის პოლიტიკურად პოპულარული თემა“.

„მე რომ ამაზე ვისაუბრებ, შეიძლება ვითომ ადამიანის უფლებების დამცველებს ეს არ მოეწონოთ და გავხდე მწვავე კრიტიკის საგანი“, – აღნიშნა წულუკიანმა.


კულტურის მინისტრთან ინტერვიუ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე, მას შემდეგ გავრცელდა, რაც 5 ივლისის ძალადობის დროს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაჯგუფებმა ხელისუფლება ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს. ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეარხებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ „მოპარული ფულით“ ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მართავს. ქართული ოცნების წევრებმა, მათ შორის თეა წულუკიანმა, ტელეკომპანიები ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულეს. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button