ახალი ამბები

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეცვალა.

ეკონომიკის მინისტრად სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილი მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადაინაცვლა, დავითაშვილი კი- მისმა მოადგილემ, ოთარ შამუგიამ შეცვალა.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ლევან დავითაშვილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში „ერთგულად ემსახურა“ ქვეყანას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა“. „მჯერა, რომ [იგი] იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, – აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სამწლიანი საქმიანობისთვის ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ იგი „იყო, არის და რჩება ჩვენი გუნდის წევრად“.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ შამუგიას ამავე სამინისტროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და მან „დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას“. „მჯერა, რომ იგი იქნება წარმატებული მინისტრი“, – დასძინა პრემიერმა.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის აპრილიდან მსახურობდა, მმართველ გუნდს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა „ახალი ინიციატივებისა“ და „ახალი გამოწვევების“ პერიოდი მოდის.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლის სურვილი აქვს, თუმცა მმართველი გუნდის „ერთგულ წევრად“ რჩება. თურნავამ არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას და მხოლოდ ის თქვა, რომ „რამდენიმე მიმართულება“ განიხილება.


43 წლის ლევან დავითაშვილს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი 2017 წლის დეკემბრიდან ეკავა. 2021 წლის ივლისიდან მან ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეითავსა. მანამდე, 2016-2017 წლებში ის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, 2014-2016 წლებში კი – სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილე. უფრო ადრე, 2012-2014 წლებში, დავითაშვილი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

55 წლის პაატა შამუგიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი 2020 წლის დეკემბრიდან ეკავა. მანამდე, 2019-2020 წლებში, იგი სსიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის პირველი მოადგილე იყო. უფრო ადრე, იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button