ახალი ამბები

სვენ მიკსერი ქართველ დეპუტატებს: „კომპრომისი სისუსტე არ არის“

„როგორც ვხედავ, მზაობა კომპრომისისთვის, შუალედური ვარიანტის გამონახვისთვის და ხიდების მშენებლობისთვის სისუსტედ აღიქმება“, – მიმართა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა 3 თებერვალს ქართველ დეპუტატებს და „ამგვარი დამოკიდებულების“ გადალახვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქვეყნის საერთო სტრატეგიულ მიზანზე პოლიტიკური მოსაზრებების დომინირება არის ის, რაც ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ქართველ დეპუტატებს შეახსენა, რომ ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველოს მისწრაფებების რეალიზება მხოლოდ ასოცირების შეთანხმების განხორციელებით არ შემოიფარგლება.

მიკსერის თქმით, მთავარი ფაქტორი, რაც ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „ძალიან ძლიერ“ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, არის ის, რომ ქვეყნის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ „ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“.

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით დასტურდება, რომ ქართველი ხალხი, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად შესვლის საბოლოო მიზანს.

„ეს გვიადვილებს იმის თქმას, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების მიმართ“, – აღნიშნა მიკსერმა.

ამ ფონზე, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ „აუცილებელია, პოლიტიკურმა გუნდმა, გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები“.

ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და ანტაგონიზმს პერიოდულად მთელი პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეჰყავს. „ამგვარი ჩიხი, მუდმივი დაპირისპირება აშკარად ავნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს, თუ ის არ მოგვარდება ისე, რომ პოლიტიკური დისკურსი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს“, – განაცხადა მან.

სვენ მიკსერმა აღნიშნა, რომ მართალია, ევროკავშირმა ქვეყანას ამ კუთხით დახმარება შესთავაზა, სწორედ ქართველების მოსაგვარებელია ასეთი გამოწვევები. მისივე თქმით, ევროპარლამენტი მზადაა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ჟან მონეს დიალოგის პროცესი დაიწყოს.

ასოცირების შეთანხმების შესახებ საუბრისას, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ყოველდღიური საკითხები, როგორებიცაა – დასაქმება და სოციალური კეთილდღეობა, შეთანხმების განხორციელების მთავარი ასპექტია.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად, როგორც საკანონმდებლო მუშაობა, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.

მიკსერმა ასევე აღნიშნა, რომ „სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები და პირობებიც არსებობს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს“.

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს 2024 წლის განაცხადზე საუბრისას, ევროპარლამენტარმა მიკსერმა ხაზი გაუსვა, რომ ბლოკის წევრობაზე მოლაპარაკებები არ გულისხმობს ევროკავშირისა და ასპირანტი ქვეყნის სტანდარტებს შორის „შუალედური ვარიანტის“ გამონახვას.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარი მიკსერი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეხვდა.

2 თებერვალს, ვიზიტის პირველ დღეს, სვენ მიკსერი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button