skip to content
ახალი ამბები

AFET-მა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) 8 ივლისს 56 ხმით 8-ის წინააღმდეგ ახალი ანგარიში მიიღო, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებას აფასებს. ევროპარლამენტის ექვსმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარები მიესალმნენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას და აღიარეს მისი პროგრესი რეფორმების განხორციელების საქმეში, რამაც „საქართველო რეგიონში ევროპარლამენტის მთავარი პარტნიორი გახადა“.

იმავდროულად, ევროპარლამენტარებმა შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „გაფართოებული თანამშრომლობა და ევროკავშირის მხარდაჭერა“ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული, კერძოდ – დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის, ძალაუფლების გადანაწილების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით.

მიესალმნენ რა მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული კურსის დასადასტურებლად. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციის პირობებში გაიმართება.

აღნიშნეს რა, რომ საქართველოს მედიაგარემო „დინამიური და პლურალისტური, თუმცა ასევე პოლარიზებულია“, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, „თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან, მედიის მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან და გადადგას ნაბიჯები როგორც საგარეო, ისე შიდა აქტორების მიერ დეზინფორმაციული კამპანიების აღსაკვეთად“.

ამ კონტექსტში, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს სარედაქციო დამოუკიდებლობის, ასევე მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტარებმა სინანული გამოთქვეს, რომ ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა „სრულად არ შეესაბამებოდა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და „სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა“. მათ დეპოლიტიზებული სასამართლო სისტემის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან იქნება თავისუფალი.

დეპუტატებმა შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების გაძლიერება „საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მკაფიო ელემენტებია, რაც აუცილებელია მხარეებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“.

„საარჩევნო წლის განმავლობაში, უკიდურესაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური აქტორები პასუხისმგებლიანად მოიქცნენ და ერთმანეთისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დანაპირები შეასრულონ იმისათვის, რომ მათი მიღწევები და მისწრაფებები შიდა პოლიტიკურ დაძაბულობებს არ შეეწიროს“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიკსერმა კენჭისყრის შემდეგ.

ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების მუდმივი დარღვევების გამო.

ანგარიში დასამტკიცებლად ევროპარლამენტს, სავარაუდოდ, სექტემბერში წარედგინება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button