ახალი ამბები

ექიმები სააკაშვილის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობენ

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის რიგით მე-5 დასკვნით, ექსპრეზიდენტის „ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი კვლავ არსებით პრობლემად რჩება“.

19 იანვარს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და 50-დღიანი შიმშილობიდან კვების აღდგენისას მიღწეული დადებითი შედეგების შემდეგ, ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით დინამიკაში მისი ჯანმრთელობა არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.

ექიმების თქმით, ამ ეტაპზე შემდეგი პრობლემებია გამოხატული: 1) ვერნიკეს ენცეფალოპათიის შედეგები – ნევროლოგიური სიმპტომატიკა – მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, კიდურებზე მგრძნობელობის გაუარესება; 2) ანემია; 3) პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესია.

დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ სააკაშვილისთვის ფსიქოთერაპიის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2021 წლის 25 ნოემბრის დასკვნით გასცეს, ყოფილ პრეზიდენტს ეს მომსახურება არ მიუღია და მას მხოლოდ „მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი“ ფარმაკოლოგიური მკურნალობა უტარდება.

„გახანგრძლივებული ნევოლოგიური სიმპტომატიკა თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის ფონზე განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის და ნეიროპათიის შედეგია“, – აცხადებენ ექიმები.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით, ისინი შემდეგი პროცედურების ჩატარების რეკომენდაციას გასცემენ – ფსიქოთერაპია; ფიზიკური რეაბილიტაცია; დამატებითი კვლევისთვის თავის MRT კვლევა; ნევროლოგიური მონიტორინგი და პროგრესირების შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის ჩატარება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას – სტრესული აშლილობისა და დეპრესიის გაღრმავებას პროგნოზირებენ.

ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ საპატიმრო პირობებში ყოფილი პრეზიდენტის „სრულყოფილი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალისტურია“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფი 2021 წლის 16 ნოემბერს შექმნა. ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი გლდანის საპატიმროს დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჯამში 5-ჯერ მოინახულეს და ხუთი დასკვნა შეიმუშავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button