Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის ომბუდსმენმა ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

საქართველოს სახალხო დამცველმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფი შექმნა.

ჯგუფი ასევე შეაფასებს, თუ რამდენად შეესაბამება მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლებების დაცვას და არის თუ არა ადგილზე ხელმისაწვდომი ადეკვატური სამედიცინო სერვისი მიხეილ სააკაშვილის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის პროცესის შეწყვეტის შემდეგ.

ექსპერტთა ჯგუფში სხვადასხვა პროფილის 8 სპეციალისტი შევა. ჯგუფის საქმიანობაში სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მედიცინის მუშაკიც ჩაერთვება. ჯგუფი შემდეგი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება; ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; შინაგანი სნეულებების სპეციალისტი; კარდიოლოგი; კარდიოლოგი/არითმოლოგი; ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი; ინფექციონისტი, თერაპევტი; ნევროლოგი; ენდოკრინოლოგი.

სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს, რომ რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ შექმნილ მულტიპროფილურ კონსილიუმს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ აქვს.

ომბუდსმენის განცხადებით, ახლადშექმნილი ჯგუფი სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური „რწმუნებებით“ ისარგებლებს და, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და მე-18 სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებენ.

„თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დღევანდელ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის მუშაობის საჭიროება აღარ არის. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის დაწესებულებას არ შეუძლია, რომ მოიწვიოს ექსპერტი, შექმნას ადგილზევე კონსილიუმი, თუკი ამის საჭიროება იქნება“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ 15-16 ნოემბრის ღამეს თქვა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ხუთი საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა საბოლოოდ მას ციხის კლინიკაში შესვლის უფლება არ მისცეს.

პარალელურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ეჭვი გამოთქვა, რომ იგი დაწესებულებიდან გამოსვლისას იმ მიზნით შეაყოვნეს, რომ შემდეგ, გვიანი დროის მიზეზით, ნიკოლოზ ყიფშიძისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი ეთქვათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ, იგი უვე 47-ე დღეა შიმშილობს. 8 ნოემბერს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საგულისხმოა, რომ სააკაშვილის ოჯახი, პირადი ექიმი და ადვოკატები სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით, მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილმა კონსილიუმმაც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button