skip to content
ახალი ამბები

მედია: ესტონეთის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს დიპლომატებზე მიყურადების გამო უსაყვედურა

ესტონური რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემის, DELFI-ის ინფორმციით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა 15 დეკემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს, ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს უცხოელ დიპლომატებზე სავარაუდო მიყურადების გამო უსაყვედურა.

DELFI-ის მიერ 16 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა დეტალებზე ესტონურ გაზეთ Eesti Päevaleht-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „ვუთხარი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ თქვენს ზურგს უკან“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

გავრცელებული ცნობებით, კაია კალასმა ჰკითხა ღარიბაშვილს, თუ „რა ეტაპზეა გამოძიება, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით, ის კვლავ მიმდინარებს. საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარებს, თუმცა მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა“.

„მე ვუთხარი, რომ გვინდა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრემიერმინისტრების შეხვედრას, განაცხადა, რომ „არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის ურთიერთობაში არ არის. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი“.

ზალკალიანის თქმით, ღარიბაშვილმა თავის ესტონელ კოლეგას „ამომწურავი ინფორმაცია“ მიაწოდა ყველა იმ მიმართულებით, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, სავარაუდო მიყურადების საქმეზე.

„გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ“, – აღნიშნა მან.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ათასობით დოკუმენტი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა მათში გვხვდება მრავალი ჩანაწერი ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა თუ საჯარო მოხელეების საუბრებზე.

მაშინ ოპოზიციამ ხელისუფლება რუსული მეთოდებით მართვაში დაადანაშაულა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა მოპოზიციას, დიდწილად კი – ნაციონალურ მოძრაობას მასალების „ფალსიფიკაცია“ და „ფაბრიკაცია“ დააბრალა.

ამასთან, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერების გარშემო დაწყებული კამპანია მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა.

თუმცა, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ მაშინ თქვა, რომ „ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button