skip to content
ახალი ამბები

კალაძის თქმით, „თუ ასეა საჭირო“, უცხოელ დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენ

„აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა 20 სექტემბერს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილების შეფასებისას.

ჟურნალისტის კითხვაზე – „მათ შორის დიპლომატებს?“ – კალაძემ უპასუხა, რომ „თუ ასეა საჭირო, კი“.

ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და ა.შ. საუბრებს.

მედიის მიერ გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადების ობიექტები იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ისრაელის ელჩი რან გიდორი და სხვა დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე სავარაუდო ფარული მიყურადება „ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ და დასძინა, რომ „შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციური პარტიები, დიდწილად კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი ფაილების „ფაბრიკაციაში“ დაადანაშაულა.

„ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button