skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთს მოსკოვიდან ელექტროენერგიის უფასოდ მიღების იმედი აქვს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბაჟანიამ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა, რამდენადაც მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ენგურის ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცემა.

„გასული თვეების განმავლობაში რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებები გვქონდა. მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა ადრე უფრო იოლი იყო, ახლა უფრო რთულია“, – უთხრა ასლან ბჟანიამ აფხაზ „დეპუტატებს“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს აფხაზეთმა მოსკოვისგან 1 მლრდ კილოვატი ელექტროენერგია უფასოდ მიიღო, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე გაიხარჯა.

„გასულ წელს 1 მლრდ კილოვატისთვის არაფერი გადაგვიხდია, ფული ჩვენ არ გვაქვს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა კომპანია „ინტერ რაოს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ კომპანიას „გაუგებარი ხარჯების გაწევა“ აღარ სურს.

„რუსეთის ხელისუფლება მხარს გვიჭერს და იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც ასე იქნება“, – ხაზი გაუსვა ასლან ბჟანიამ.

ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც სრულად არის დამოკიდებული ენგურის ჰიდროელექტრო სადგურზე, ენერგოკრიზისია, რამდენადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. შედეგად, სოხუმმა 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკიც შემოიღო.

თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხების საფუძველზე, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიეწოდება, 60% კი – დანარჩენს საქართველოს, რამდენადაც 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.

ნოემბრის დასაწყისში, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში თქვა, რომ აფხაზეთმა 1.4 მლრდ კილოვატი ელექტროენერგია უკვე მოიხმარა და 40%-იანი ლიმიტი თითქმის სრულად ამოწურა, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის დასაწყისში ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.

მანვე აღნიშნა, რომ 2018 წელთან შედარებით, ოკუპირებული რეგიონის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 40%-ით გაიზარდა. „2018 წელს აფხაზეთმა 1.94 მლრდ კილოვატი მოიხმარა, 2019 წელს – 2.59 მლრდ კილოვატი, 2020 წელს – 2.55 მლრდ კილოვატი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიმდინარე წელს რეგიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა დაახლოებით 2.85 მლრდ კილოვატი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button