skip to content
ახალი ამბები

ენგურჰესმა  მუშაობა განაახლა   

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 28 აპრილის ცნობით, ქვეყნის უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა დაახლოებით სამთვიანი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შემდეგ მუშაობა განაახლა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში შეკეთდა სადერივაციო გვირაბი, რომლითაც აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი მიეწოდება.  

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის წყალობით, წყლის დანაკარგები 20%-30%-ით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.  

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ენგურჰესის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი სამეგრელოში, თბილისის მიერ კონტროლირებულ მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში, ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა.

ჰესის ამუშავების შემდეგ, აფხაზეთმა, რომელიც ჩვეულებრივ, მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი გააუქმა. ენგურჰესის გაჩერება დამატებით პრობლემას უქმნიდა ისედაც ენერგოდეფიციტის მქონე აფხაზეთს, სადაც პრობლემას კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება ამწვავებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა, თურქულმა და გერმანულმა კომპანიებმა შეასრულეს. სარემონტო სამუშაოებისთვის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდი სპეციალურად შეირჩა, რადგანაც ამ დროს ენგურჰესში წყლის დონე ისედაც ძალზე მცირდება. 

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის  გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button