skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI), 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-ის მართვისთვის მიღებული ზომები, საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციები, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევებია მიმოხილული.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ანგარიშებში ყურადღება ორივე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაამახვილა. „დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები „სერიოზული ხარვეზებით წარიმართა“. ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია ამომრჩეველთა სიებსა და ამომრჩეველთა ხელმოწერებს შორის 8%-იან დისბალანსს ასახელებს, ამასთან აღნიშნავს, რომ საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა.

უფლებადამცველებმა ყურადღება არჩევნების შემდგომ, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების საკითხებზეც გაამახვილეს. კერძოდ, „საიას“ შეფასებით, 8 ნოემბერს, პოლიციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეკრებული მომიტინგეების მისამართით გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება „არალეგიტიმური“ იყო.

კოვიდ-19-ის პანდემია

კოვიდ-19-ის მართვის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრისას, „დემოკრატიულმა ინიციატივამ“ განმარტა, რომ „მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, რაც უპირველესად ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობითაა გამოწვეული“, ამ კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა „კვლავ არათანმიმდევრული, დისკრიმინაციული და არაეფექტურია“.

„საიას“ შეფასებით კი, 22 მაისს მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების – მიმოსვლისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მისცა, რაც „კონსტიტუციის შესაბამისად დაუშვებელია“.

„საია“ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დგანან სამედიცინო სექტორში, ასევე მაღაროებსა და შახტებში, მეტროსა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები.

სასამართლო სისტემა

„დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, ტელეკომპანია მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლების ნაცვლად, სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ექსპერტების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახით ქვეყანაში „ახალი პოლიტპატიმრების“ გაჩენამ საგამოძიებო ორგანოებში „სრულყოფილ და ეფექტიან“ გამოძიებასთან დაკავშრებული პრობლემები „კიდევ ერთხელ დაგვანახა“.

აღნიშნა რა რომ ქვეყანაში „სასამართლოში ძალაუფლება მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს აქვს მონოპოლიზებული“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკალიშვილისა და ვასილ როინიშვილის „გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით“ გამწესების მიზანი, პროცესზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის თავიდან აცილება იყო.

მედიის თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლის“ მცდელობის გამო. ამასთან, „დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასებით, მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.

„საიას“ შეფასებით კი, ქვეყანაში მედიის უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავაც გამოწვევებია და ხელისუფლება „მედიის კონტროლსა და მის საქმიანობაში ჩარევას“ ისევ ცდილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button