skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ოფიციალური პირები და საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი შეაფასეს.

შეხვედრაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები მონაწილეობდნენ საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა ძლიერი ერთგულება რეგიონის მიმართ, ასევე „ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან საერთო გამოწვევების მოგვარების საქმეში“.

მოგვიანებით მან Twitter-ზე დაწერა, რომ „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, სოლიდარობა და ერთობა, რაც მნიშვნელოვანია არსებული რთული რეგიონული სიტუაციის პირობებში“.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბრის მინისტერიალის შემდეგ პირობა დადო, რომ ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორების დახმარებას პანდემიის დაძლევისა და ეკონომიკური გაჯანსაღების საქმეში. მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში გადამწყვეტი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ მან მინისტერიალზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების გამოწვევებზე ისაუბრა.

„პარტნიორების პროგრესი რეფორმების კუთხით და ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის სფეროებში, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული უნდა გახდეს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა 15 ნოემბერს და დასძინა, რომ „ჩვენი თანამშრომლობა ფოკუსირებული უნდა იყოს პარტნიორების მედეგობის ზრდაზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, რათა მათ შეძლონ ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან, ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავება“.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მის ერთიან ბაზართან ეტაპობრივი ინტეგრაციის პერსპექტივა უნდა მიანიჭოს და ასევე გააძლიეროს ამ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში დიალოგი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებულ სამიტზე უნდა ჩამოყალიბდეს საერთო პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი მიზნების შესახებ და ეს დეკლარაციაშიც აისახოს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ მან აღმოსავლელი პარტნიორებისთვის მეტი მხარდაჭერა ითხოვა რეფორმების განხორციელების, მედეგობის გაძლიერების და უსაფრთხოების კუთხით, ასევე რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს Twitter-ზე დაწერა, რომ მინისტრებმა „მოცემულ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა დაადასტურეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პოლიტიკაში უსაფრთხოების განზომილების როლს გაუსვეს ხაზი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button