ახალი ამბები

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 15 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს, სტეფანო სანინოს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული პროექტების იმპლემენტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისივე თქმით, ხელშესახები პროგრესი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამავე ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროსვე ცნობით, მინისტრმა ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს აქვთ „დიდი პროგრესი“, ამიტომ „პრინციპი მეტი მეტისთვის [უნდა] იყოს უზრუნველყოფილი“.

15 ნოემბერს, დავით ზალკალიანმა სტეფანო სანინოსთან შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის მოახლოებული სამიტისგან საქართველოს მოლოდინები განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხედვასა და ინიციატივებზე ევროკავშირთან ეკონომიკური, სექტორული და ფიზიკური დაახლოების პროცესში.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასოცირების ტრიოს მიზნებსა და ტრიოს ფორმატში ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპქტივებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მინისტრმა ზალკალიანმა სიტუაციის დეესკალაციისკენ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას.

თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა სანინომ აღნიშნა, რომ ძირითადი რეფორმების გატარება მნიშნველოვანია საქართველოს ევროპული გზისთვის. იგი ასევე მიესალმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან მისი პასუხისმგებლობის აღიარებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო მინისტერიალს ესწრებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე მათი კოლეგები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი თავმჯდომარეობდა.

მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტის წინ ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის ურთიერთობების გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს. სამიტზე ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ხედვა უნდა იქნეს წარმოდგენილი.

„დღევანდელი განხილვა მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით იქნება გაზიარებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button