skip to content
ახალი ამბები

ევრონესტის ევროპარლამენტარები საქართველოს, ასოცირებული ტრიოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპარლამენტის დელეგაციამ იმსჯელა, თუ რამდენად უნდა დაუჭიროს მხარი ევროკავშირმა დიფერენციაციის პრინციპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და შესთავაზოს „მეტი მეტისთვის“ ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. აღმოსავლეთ პარტნიოერობის ინიციატივა ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს და ახლახან სტატუსშეჩერებულ ბელორუსს.

დელეგაცია, რომელიც ევრონესტის ასამბლეაში ევროპარლამენტს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და სომხეთის საპარლამენტო დელეგაციებს აერთიანებს, დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ შეიკრიბა.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (EPP, ლიეტუვა), რომელიც ასევე დელეგაციის თავმჯდომარეა, 12 ნოემბრის დისკუსიები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციის პოლიტიკაში ჩიხზე მითითებით გახსნა. „ტრიოს ქვეყნებშიც კი – რეფორმების გატარების მოტივაციამ, შესაძლოა, ეროზია დაიწყოს თუ კვლავ არ იქნება მომდევნო ათწლეულისკენ მიმართული მკაფიო, დიდი ინტეგრაციის მიზანი,” – თქვა მან და დასძინა, რომ გამოწვევები რჩება, რადგან რამდენიმე წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ ინტეგრაციის დღის წესრიგს.

ევროპარლამენტის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც რეკომენდაციას უწევდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დიფერენციაციას, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა მხარი დაუჭირა საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის. „ეს იქნება ახალი დიდი შუალედური მიზანი და ეს ორივე მხარისთვის მიმზიდველი შეიძლება იყოს”, – თქვა მან.

ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლის სამიტის დეკლარაციაში შევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დიფერენციაციის შესახებ დებულება, რომელიც აღიარებს ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას და მეორე დებულება ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ასევე დანერგავს „მათი პროგრესის მკაფიო შეფასების და მონიტორინგის სისტემას“.

ევროპარლამენტარმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ (ECR, პოლონეთი) შეკრების დროს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ მხარს ვუჭერთ დიფერენციაციის კონცეფციას“, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობა შეიცვალა. ევროპარლამენტარმა ვაშჩიკოვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო „უსაფრთხოების პრობლემის გამო არ არიან უკეთეს მდგომარეობაში“. მაგრამ მან თქვა, რომ მოლდოვა, „ძალიან პროევროპულად ორიენტირებული” ახალი პრეზიდენტითა და მთავრობით, „ახლა ბევრად უკეთესედაა”.

ევროპარლამენტარმა ევროკავშირსა და სამ ქვეყანას შორის ახალი ინსტიტუტების შექმნის წინააღმდეგ გაფრთხილებაც გააჟღერა – „არ ვიფიქროთ, რომ წინ მივდივართ მეტი ბიუროკრატიის შექნით“. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა ტრიოსთან ერთად უკვე არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს. აღნიშნა რა, რომ მას არ სჯერა, რომ წევრობა სამი სახელმწიფოსთვის დღის წესრიგშია, ევროპარლამენტარმა ვაშჩიკოვსკიმ მხარი დაუჭირა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ევროკავშირში გაძლიერებას.

მან ასევე შესთავაზა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სიმბოლური გადასახადით ქვეყნების დაშვება და სამი ზღვის ინიციატივაში მათი ჩართვა, რომელიც ევროკავშირის თორმეტ სახელმწიფოს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობისთვის აერთიანებს, სხვა საკითხებთან ერთად.

ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/EFA, ჩეხეთი) ამტკიცებდა, რომ დიფერენციაციის მიდგომა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან „ახლა ოდნავ მოძველებულია სამ ქვეყანასა და მთელ რეგიონში დიდი ცვლილებების გამო“.

„ჩვენ ვხედავთ, საქართველოს მაგალითზე, რომ დემოკრატიის უკანდახევა ბოლო თვეებში იყო მძიმე“, – ხაზგასმით აღნიშნა გრეგოროვამ და ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის პოლიტიკის აუცილებლობაზე, რათა დაეხმაროს კანონის უზენაესობის გაძლიერებას და თავიდან აიცილოს „დემოკრატიის მეტი უკუსვლა“ ქვეყანაში.

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, ჩეხმა ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა იფიქროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაზე, როგორც ერთ პლატფორმაზე „რათა ისინი არ დასუსტდნენ რუსეთის გავლენისგან“.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები/EFA, გერმანია) დაეთანხმა, რომ დიფერენციაცია აუცილებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ „ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე უფრო დაწინაურებულია“.

რაც შეეხება ტრიოს, ევროპარლამენტარმა კრამონმა თქვა, რომ საქართველომ და უკრაინამ უფრო მეტი ამბიციით უნდა იმუშაონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებაზე. იმავდროულად, მან ხაზი გაუსვა მოლდოვას, როგორც ქვეყანას, რომელიც „ნამდვილად ცდილობს“ და დიდ შრომას დებს რეფორმების ახალ ფაზაში.

აღნიშნა რა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წევრობის პერსპექტივა „საკმაოდ შორს არის”, მან ხაზი გაუსვა „დამატებითი სტიმულის აუცილებლობას”, მათ შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. „ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ არცერთი ქვეყანა ამისგან”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა აღნიშნა „საქართველოსა და უკრაინაში მმართველი ელიტის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა“ მათი ევროინტეგრაციის მისწრაფებების კონტექსტში.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში „უფრო და უფრო რთული მდგომარეობაა ბოლო კვირებსა და თვეებში“ და განაგრძო თაფლაკვერისა და მათრახის მიდგომის გამოყენების ადვოკატირება, იმის გათვალისწინებით, რომ „მათ ესმით, რას ნიშნავს ჯოხები“.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ (EPP, ლიეტუვა) ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების უსაფრთხოების მხრივ სარგებელს და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება დაეხმაროს კრემლის შეკავებას, მინიმუმამდე დაიყვანოს მისი გავლენის არეალი და კონტინენტის უსაფრთხოება. „ჩვენ გვჭირდება გამოსავალი გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციისგან”, – აღნიშნა მან და ისაუბრა „ევროკავშირის მოუმზადებლობაზე ახალი წევრების მისაღებად”.

ევროპარლამენტარი ამტკიცებდა, რომ წევრობის პერსპექტივის „სიცხადის ნაკლებობა“ ნიშნავს, რომ თბილისი და კიევი „ეტაპობრივად კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის სანდოობის მიმართ“.

„მათ შეიძლება დაიწყონ რეფორმების მიმართ მოტივაციის დაკარგვა და გარდაუვალია, რომ მათ უფრო და უფრო მეტი არასტაბილურობა შეექმნათ“, – განაცხადა მან და დასძინა: „ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება საქართველოში, რაც ძალიან მაწუხებს. როგორც კი ეს ტენდენცია გაიმარჯვებს, ძალიან რთული იქნება მისი შემობრუნება, ამიტომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“.

შეხვედრა საქართველოში არსებული დაძაბულობის – ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგების , ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან სააკაშვილისადმი მოპყრობის გამო მზარდი კრიტიკის ფონზე გაიმართა.

ასოცირებული ტრიოს ფორმატი მაისში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ დაარსდა, სადაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სამმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ ევროპული ინტეგრაციის საერთო საკითხებზე ითანამშრომლებენ .

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button