skip to content
ახალი ამბები

ბესარიონ აპლია თბილისში მიპატიჟებას „კიდევ ერთ მზაკვრობას“ უწოდებს 

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ მისი თბილისში მიპატიჟება „მათი კიდევ ერთი მზაკვრობაა“.

12 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, საქართველოს საპატრიარქომ ბესარიონ აპლია „პრობლემატური საკითხების“ განხილვის მიზნით თბილისში მოიწვია. მოწვევამდე ცოტა ხნით ადრე, „აფხაზეთის ეკლესიამ“ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართა.

აპლიამ 21 ოქტომბერს აფხაზურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეს საკითხი არ წყდება თბილისში“, არამედ მოსკოვში. „იქ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ“, – განაცხადა მან.

გააჟღერა რა ბრალდებები თბილისის მისამართით, აპლიამ აღნიშნა, რომ „იქ, სადაც გკლავენ და იქ, სადაც განადგურებენ, წასვლა და საუბარი არ ღირს“.

21 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივანმა, დეკანოზმა მიხეილ ბოტკოველმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მართალია, აფხაზეთის ეკლესიის მიმართვის შინაარსი მიუღებელია, საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგის დასაწყებად მაინც მოიწვია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას, რომ „აფხაზეთის ეკლესია“ ისტორიულად არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის შემადგენლობაში და მას საეკლესიო ისტორიის დამახინჯების მცდელობად აფასებს.

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.

აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button