Placeholder canvas
ახალი ამბები

„აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ მსახურება განაახლა

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ გუშინ განაცხადა, რომ დროებით შეჩერებული მსახურება 27 თებერვალს აღდგა.

აღნიშნა რა, რომ ავტოკეფალიის შესახებ საუბარი „ადრეა“, აპლიამ განაცხადა, რომ სოხუმს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით, საკუთარი ეკლესიის ავტონომიის აღდგენა ესაჭიროება.

ბესარიონ აპლიას თქმით, მართალია, „კათოლიკოსატის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია“, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის არის, რომ აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ უკავშირებდნენ.

„ქართველები არ დასთანხმდებიან, მაგრამ ჩვენ თვითონ, აფხაზეთის შიგნით უნდა გვქონდეს ერთობა და ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში, ჩვენი საკითხი მარტივად მოგვარდება, ვინაიდან მოსკოვსაც ვერ გაუგია, ჩვენ კონსტანტინოპოლი გვინდა, თუ მათთან მართლმადიდებლობის აღდგენა“, – განაცხადა აპლიამ.

მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება მათ მსახურების აფხაზურ ენაზე ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთში სპეციალური ლიტერატურა გამოიცემა, მთარგმნელობითი კომისია ჩამოყალიბდება და აფხაზეთი საეკლესიო ნივთებს მიიღებს.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით მდებარე ყველა ეკლესიაში მსახურება 19 თებერვალს შეაჩერა და მოსკოვს სტატუსის განსაზღვრისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ დაგმო ბესარიონ აპლიას მიმართვა და განაცხადა, რომ „აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად“, ხოლო წირვა-ლოცვებს რეგიონში ყოველთვის ქართულ ენაზე აღასრულებდნენ.

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button