skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო „აფხაზეთის ეკლესიის“ წინამძღოლს შეხვედრას სთავაზობს 

საქართველოს საპატრიარქომ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლი, ბესარიონ აპლია „პრობლემატური საკითხების“ განხილვის მიზნით თბილისში მოიწვია. მოწვევამდე ცოტა ხნით ადრე, „აფხაზეთის ეკლესიამ“ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართა.

12 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, სადაც აპლიას თბილისში ეპატიჟებიან, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მას ხელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი აწერს ხელს. ამ უკანასკნელმა „სამოქალაქო საქართველოს“ წერილის ავთენტურობა დაუდასტურა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „კატეგორიულად არ ეთანხმება წერილის შინაარს და სულისკვეთებას და დიალოგის დაწყების აუცილებლობას აცნობიერებს“. „მტერი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“, – განაცხადა მან.

დამოუკიდებლობის მოთხოვნა


„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ საეკლესიო საბჭომ საქართველოს პატრიარქის ილია II-ისა და რუსეთის პატრიარქის, კირილის სახელზე გაგზავნილ მიმართვებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა მოითხოვა. მართალია დოკუმენტი არ არის დათარიღებული, თუმცა ის, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს, ან ადრე შემოდგომაზე გაიგზავნა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის ეკლესიას“ არ სურს „ძმური სასულიერო კავშირი“ ჰქონდეს მათთან, ვინც ფიქრობს, რომ აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა.

მსოფლიოს არცერთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ შორის, რუსულს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ დამოუკიდებლობა არ უცნია.

„კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის მისია მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის“, – ნათქვამია მიმართვაში, რომლის თანახმადაც „აფხაზეთის ეკლესია“ ისტორიულად არასდროს ყოფილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში.

2021 წლის თებერვალში, „აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ მსახურება შეაჩერა და მოსკოვს ეკლესიის სტატუსის განსაზღვრა მოსთხოვა. მსახურების აღდგენის შემდეგ, აპლიამ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება მათ მსახურების აფხაზურ ენაზე ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთში სპეციალური ლიტერატურა გამოიცემა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი


დეკანოზმა მიხეილ ბოტკოველმა უთხრა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ მართალია აფხაზეთის ეკლესიის მიმართვის შინაარსი მიუღებელია, საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგის დასაწყებად მაინც მოიწვია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას, რომ „აფხაზეთის ეკლესია“ ისტორიულად არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის შემადგენლობაში და მას საეკლესიო ისტორიის დამახინჯების მცდელობად აფასებს. საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ უარყო აფხაზეთის ეკლესიის მიერ კანონიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნა. საქართველოს საპატრიარქოს თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბესარიონ აპლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება.

———————————————————————————————————————————-

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.

აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button