ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ვენაში ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11-13 ოქტომბერს ვენაში გამართული ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის ენერგოსექტორში, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქართველმა სტუდენტებმა ავსტრიაში სწავლის იგივე საფასური გადაიხადონ, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები იხდიან.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სირთულეებმა“ ავსტრიის პოლიტიკურ სფეროში აჩვენა „რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა“.

მისი თქმით, „ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის“, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის“. „ეს არის, ალბათ, ჩვენი საერთო მოვალეობა“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ზურაბიშვილმა პოლარიზაციის შესახებ განაგრძო საუბარი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი დე-ოკუპაციისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რაც „უნდა გვაძლევდეს საშუალებას, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ“.

კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს 2024 წლის განაცხადზე ისაუბრა და ქვეყნის მიერ რეფორმების აქტიურად განხორციელების საჭიროებას გაუსვა ხაზი, მათ შორის სასამართლო სისტემაში. მისი თქმით, ამ კუთხით, „გარდაუვალია“ საქართველოს წინსვლა.

„თუ არსებობს, რაღაც ფორმით, ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს სინდრომი არ შეიმჩნევა საქართველოში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ორ ქვეყანას შორის მსგავსებებზე ისაუბრა, მათ შორის ტურიზმის მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნის ეკონომიკებისთვის.

მან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს განახლებადი ენერგიის სფეროში, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურაში ავსტრიული კომპანიების პოტენციალს გაუსვა ხაზი.

ავსტრიის პრეზიდენტი ასევე მიესალმა ქართველი კოლეგის ძალისხმევას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში. მისი თქმით, იგი უერთდება საერთაშორისო დამკვირვებლების იმედს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

12 ოქტომბერს, ორი პრეზიდენტი ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ზურაბიშვილი ავსტრიაში ხელოვნების და მედიცინის სფეროებში მომუშავე ქართველებსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდსაც შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი უმასპინძლებს კონფერენციას სახელწოდებით „ქალები მშვიდობისთვის“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ავსტრიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button