ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ

ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა და პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ დღეს ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის დროს 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრეს.

„ახლა, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოშიც ვხედავთ სრულმასშტაბიან სახელმწიფოს მიტაცებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას „ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის“.

აღნიშნა რა, რომ „ბევრი რამ დევს სასწორზე“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს, ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად პოლიტიკური გარემო საქართველოში „რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად რთულია“.

„ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ვფიქრობ, ახლაა დაძაბულობის პიკი, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს“, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის იმედოვნებდა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთ თბილისში ესმოდათ, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ პარტიებზე, არამედ საკუთარ ქვეყანაზეც. „თუმცა, სულ უფრო ნაკლებად მაქვს ის განცდა, რომ ეს ნადვილად ასეა“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარმა აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების, მათ შორის, იმ პუნქტის შესრულება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, „სავალდებულოა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ივლისში შეთანხმებიდან გავიდა, „ვფიქრობთ, რომ აპრილის შეთანხმება ძალაშია“. ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება „არ უნდა იყოს განხილული როგორც რაღაც, რომელიც არჩევით შეიძლება განხორციელდეს“.

აუსტრევიჩიუსმა 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „ნდობის არჩევნები“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ხოლო მის შედეგებს პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

„ეს არჩევნები არა პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი ამბიციის დასაკმაყოფილებლად, არამედ ქართველების მომავლისთვის იმართება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაამტკიცოს, რომ მისი ევრო-ინტეგრაციის კურსი „არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ რაღაც უფრო ხელშესახებს ეფუძნება“.


ევროპარლამენტარმა აუსტრევიჩიუსმა, სავარაუდოდ, სუს-დან გამოჟონილ ფაილებზეც ისაუბრა, რომლებიც ევროპელ დიპლომატებზე ფარული მიყურადების ჩანაწერებსაც შეიცავდა.

„ევროკავშირის დიპლომატები და დასავლელი დიპლომატები საქართველოს სახელმწიფოსთვის რაიმე სტრატეგიულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამრიგად, ჩვენი დიპლომატების, ოფიციალური პირების მოსმენა ჩვენ მიმართ უნდობლობის ნიშანია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს სრულიად მიუღებელია და ამას ქართველ პოლიტიკოსებთან ყოველ შეხვედრაზე გავიმეორებთ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button