skip to content
ახალი ამბები

რელიგიური გაერთიანებები გავრცელებულ საიდუმლო მასალებს გმობენ

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ საიდუმლო მასალებს გმობენ, როგორც „სახელმწიფოს მიერ ადამიანის, უდანაშაულო და კანონმორჩილი მოქალაქეებისა და რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ ჩადენილ ტოტალური ხასიათის ბოროტებას!“.

19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რელიგიური გაერთიანებები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, „ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ“.

მათი თქმით, მედიის მიერ გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უსმენდა და უთვალთვალებდა ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერს, სასულიერო პირს, მრევლს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს, ყველას, „ვინც მათთან ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებულ“.

„ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ“, – აცხადებენ ხელმომწერები.

რელიგიური გაერთიანებები მოუწოდებენ ყველას, „გაათმაგებული სიფრთხილით“ მოეკიდონ გავრცელებულ „საიდუმლო მონაცემებს“, რამდენადაც „მათში არსებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა უმძიმესი, სრულიად დაუმსახურებელი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებასა და რეპუტაციას, მათ შორის, რაც ყველაზე საგანგაშოა, – არასრულწლოვნებს“.

სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მშვენიერაძემ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი მასალებიდან ამონარიდი გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის, დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობდა. კერძოდ, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლებმა ტარიელ ნაკაიძის პრესტიჟის შელახვის მიზნით, ცრუ ამბავი გაავრცელეს, თითქოსდა მან „აშშ-ში სასწავლო პროგრამით გასაგზავნი 7 აპლიკანტისგან ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა“.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილი ათასობით ფაილი სექტემბერს გავრცელდა. საიდუმლო მასალებში ძირითადი აქცენტი მართლმადიდებელ სასულიერო პირებზეა გაკეთებული, თუმცა ისინი ასევე ასახავენ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და უცხოელი დიპლომატების საუბრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად არის მოპოვებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button