ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ შეთავაზებული 2%-იანი საარჩევნო ბარიერის გაზრდას განიხილავს

მმართველი პარტიის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, განაცხადა, რომ 2% და 3%-იან საარჩევნო ბარიერს შორის „არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის“.

„ქართული ოცნების“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, პალიტრა ნიუსს 8 სექტემბერს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია თვლის, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერი უნდა შემცირდეს, ზუსტი ციფრი ჯერ კიდევ შემდეგი მოსმენების დებატების საგანია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თქვა, რომ 3%-იანი ბარიერი, ცვლილების მთავარ მიზანს, პარლამენტში პოლიტიკური მრავალფეროვნების გაზრდას, მაინც მიაღწევს. მან გაიხსენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც 1%-იანი ბარიერით ჩატარდა და თქვა, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში მხოლოდ 2 პარტია დაიკავებდა ადგილებს, მაშინ როდესაც 3% ან 2%-იანი ბარიერით, შესაბამისად, 6 ან 7 პარტია შევიდოდა საკანონმდებლო ორგანოში.

„მოდით დავფიქრდეთ, საკმარისი იქნება თუ არა ექვსი პარტიის წარმომადგენლობა”, – განაგრძო მან და დასძინა, რომ მმართველი პარტია საკითხის განხილვას ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს. „ჩვენ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივიღებთ კონსენსუსის გარეშე” – თქვა მან.

დეპუტატ პაპუაშვილის ინტერვიუ პარლამენტის მიერ იმ კონსტიტუციური ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ გამოვიდა, რომელშიც შეტანილია დებულება მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი ბარიერის 2%-მდე შემცირების შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით.

თუ ქართული ოცნება და ოპოზიცია მომდევნო ორ გადამწყვეტ მოსმენაზე 2%-ის ნაცვლად 3%-იანი ბარიერის დაწესებაზე შეთანხმდებიან, ეს 19 აპრილის შეთანხმებიდან კიდევ ერთი გადახვევა იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებები, 7 სექტემბერს, კანონმდებლებმა პირველი მოსმენით პროკურორის 3/5 ხმით არჩევის დებულების გარეშე მიიღეს, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ პუნქტისათვის ხმის მიცემაზე უარი თქვა, რასაც ევროკავშირისა და აშშ-ს კრიტიკა მოჰყვა.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ივლისში დატოვა, თუმცა, პირობა დადო, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულ რეფორმებს განახორციელებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button