skip to content
ახალი ამბები

ვახო სანაიაზე თავმდამსხმელები, რომელთაც 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დღესვე გათავისუფლდებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავმდამსხმელი სამი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით, მათთვის შეფარდებული პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა და ისინი ციხეს დღესვე დატოვებენ.

ამასთან, სასამართლომ ჟურნალისტზე ძალადობის საქმეზე სამი დაკავებულიდან ორს – სულიკო საყევარიშვილსა და ვაჟა გიგაურს დამატებით 150-150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც დააკისრა. მესამე მსჯავრდებულის, გიორგი სახელაშვილის მიმართ სასამართლო მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობით შემოიფარგლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა თავად ჟურნალისტმა ვახო სანაიამ და განაცხადა, რომ მოსამართლემ პროცესი რამდენჯერმე, ხელოვნურად, სწორედ იმისთვის გადადო, რომ ბრალდებულებისთვის მინიმალური სასჯელი მიესაჯა და ისინი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

„ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს… ეს ხომ გადამდებია, გადამდებია სხვებისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა ჩვენ 5 ივლისი ქვეყანაში“, – უთხრა ვახო სანაიამ ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა იგი გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას, სანაიამ უპასუხა – „ერთი სისტემაა, რა მნიშვნელობა აქვს, რას გაასაჩივრებ? ამ ერთიანმა სისტემა და ხელისუფლებამ მოძალადეები გამოუშვა გარეთ“.

სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი სახელაშვილის უფლებადამცველები. მათი შეფასებით, იგი არის „უდანაშაულო“, რაც საქმის განხილვის დროსაც დადასტურდა.

„მოსამართლემ იმის გამო, რომ ასეთი აჟიოტაჟი და ფონი შეიქმნა, ვერ გაბედა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა“, – უთხრა ჟურნალისტებს სახელაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

არასამთვრობო სექტორის გამოხმაურება

საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გააკრიტიკა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალციაში მიიჩნევენ, რომ „ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა“ და დასძენენ, რომ „ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს“.

კოლიაცია მწუხარებას გამოხატავს, იმის გამო, რომ მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებას „სათანადო ნაბიჯები“ არ გადაუდგამს და „სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას“.

„მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს“, – ცხადებენ კოალიციაში.


ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის ღამეს, თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ავტომობილით აეროპორტიდან შინისკენ მიემართებოდა, თუმცა უამინდობის გამო გაჩერება და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოუხდათ. მაშინ ვახო სანაია აცხადებდა, რომ თავდამსხმელები მათ მას შემდეგ მიუახლოვდნენ, რაც იგი იცნეს, რომ „ფორმულას“ წამყვანი იყო. მასზე თავდასხმა სანაიამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „კრიტიკული არხების“ მიმართ წარმოებულ პროპაგანდას დაუკავშირა.

სამართალდამცველებმა სანაიაზე თავდამსხმელები 25 თებერვალს ჯუფური ძალადობის ბრალდებით (126ე-ე) დააკავეს. მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ სამივე დაკავებულს ბრალი მუქარისა (151-ე) და დევნის (156-ე) მუხლებითაც დაუმძიმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button