skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილედ პირველად აირჩია ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი. ამ პოსტს გიორგი სიორიძე დაიკავებს.  

„ლელოს“ მიერ დანიშნულ წევრს, გიორგი სიორიძეს 3 აგვისტოს ხმა ცესკოს 17 წევრიდან 15-მა დაუჭირა.

გიორგი შარაბიძე, კიდევ ერთი მოადგილე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბრიდან მსახურობს, პარლამენტმა 2019 წლის აპრილში აირჩია ხელმეორედ ხუთწლიანი ვადით.  

სიორიძის არჩევა პარლამენტის მიერ 28 ივნისს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მოჰყვა. ცვლილებების თანახმად, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების კვალდაკვალ მიიღო პარლამენტმა, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, მეორე კი – ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებისგან.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ცესკოს წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, რომელთაგანაც რვა პროფესიული ნიშნითაა შერჩეული, ხოლო ცხრა — პარტიების მიერ არიან წარდგენილნი. 

სიორიძის არჩევამდე ერთი დღით ადრე პარლამენტმა ცესკოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კალანდარიშვილი თავმჯდომარის პოსტს ექვსი თვის ვადით დაიკავებს, რადგანაც სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა იგი ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩიეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთა მხარდაჭერაც აუცილებელი იყო ახალი თავმჯდომარის 5 წლიანი ვადით ასარჩევად, ორივე წარდგენილი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილიცა და გიორგი სანტურიანიც დაიწუნეს.  

ორ თვეში, 2 ოქტომბერს, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი არჩევნები იმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button