skip to content
ახალი ამბები

ოდირის საბოლოო ანგარიში 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

„რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მიღებულმა შეუსაბამო უპირატესობამ, მათ შორის საზოგადოებრივი პროექტების დაანონსების, სოციალური შეღავათების დაპირებისა და ხელფასების ზრდის გეგმის ხარჯზე, მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა“, – ნათქვამია 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში.

ანგარიში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, იმეორებს წინასწარ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატებს, ზოგადად, ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ხაზს უსვამს ბრალდებებს ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, ამომრჩევლები, კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები 2 ოქტომბერს და 30 ოქტომბერს გამართული ტურების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საუბრობდნენ.

„ამან წარმოშვა წუხილები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს არ ქონდათ შესაძლებლობა „ანგარიშწორების შიშის გარეშე“ მიეცათ ხმა, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტაბეს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, კამპანია, საერთო ჯამში, თავშეკავებული იყო, თუმცა ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ რიტორიკას და ნეგატიურ აგიტაციას.

„კანდიდატების უმეტესობამ, რომლებიც ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ, განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მათ შორის უმცირესობების ენებზე; თუმცა, კვლავ ხდებოდა ზეწოლა კანდიდატებზე, ხოლო ძალადობის, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები ორივე ტურის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ინტენსიური გახდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ოდირმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სათანადო საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა დასძინა, რომ ის ზედმეტად კომპლექსურია და რიგ შეუსაბამობებსა და ხარვეზებს შეიცავს.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ბოლოს 2021 წლის ივნისში შევიდა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად, კანონმდებლობის სრულყოფილ გადახედვას ადგილი არ ჰქონია.

შეუსრულებელი რეკომენდაციები 

ანგარიშში ასევე საუბარია საარჩევნო კომისიების შეცვლილ შემადგენლობასა და დანიშვნებზე, ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტის შემოღებაზე, დავების გადაწყვეტის ვადებზე, ხმების სავალდებულო გადათვლასა და დამატებით ზომებზე, რომელთა მიზანიც ამომრჩეველთა დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების პრობლემების მოგვარებაა.

თუმცა, დოკუმენტის თანახმად, ამ ცვლილებებით მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

რამდენიმე წინა შეუსრულებელ რეკომენდაციაზე საუბრისას, ოდირმა ის რეკომენდაციებიც ჩამოთვალა, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავების მოგვარების სხვა ასპექტებს, ხმების ხელახალი გადათვლისთვის საჭირო კრიტერიუმებს, ასევე კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კამპანიის დაფინანსების საკანონმდებლო ბაზა ყოვლისმომცველია, თუმცა ოდირის და GRECO-ს რამდენიმე წინა რეკომენდაცია გასათვალისწინებელი რჩება, მათ შორის ისინი, რომლებიც დაკავშირებულია შემოწირულობებისა და ხარჯების ლიმიტების შემცირებასა და ზედამხედველობის გაძლიერებასთან.

საარჩევნო ადმინისტრაცია 

მთლიანობაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკური ასპექტები კომპეტენტურად და გამჭვირვალედ წარმართა და კანონით დადგენილი ვადები დაიცვა, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საჭირო ცვლილებების ფონზე, ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ცესკოს ახალმა პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო პროცესისადმი ნდობის გაუმჯობესებას და მის სხდომებზე დისკუსიის დონის ამაღლებას.

თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ნდობა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობის მიმართ დაბალი დარჩა მათი წევრების არჩევისა და დანიშვნის პროცედურის, კომისიებზე მმართველი პარტიის სავარაუდო გავლენისა და საოლქო კომისიების მიერ არჩევნების შემდგომ დავების გადაწყვეტის გამო.

ხმების გადათვლა, საჩივრები 

აღნიშნა რა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობის 811 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა, ოდირმა განაცხადა, რომ ხმების გათავლის პროცესის დამატებითი შემოწმების მიუხედავად, „არასაკმარისმა მითითებებმა და ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების ხელახალ დათვლაზე აშკარა მოთხოვნის არარსებობამ არათანმიმდევრულ მიდგომამდე მიგვიყვანა, რაც პროცესის ანგარიშვალდებულებას ამცირებს“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დავის გადაწყვეტის მექანიზმები მთლიანობაში ხელსაყრელ პროცესს უზრუნველყოფს, თუმცა დამატებით გარანტიებს მოითხოვს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საჩივრების მექანიზმი ითვალისწინებს დავების რაციონალურ მოგვარებას, თუმცა აღნიშნულია, რომ კანონი არ უზრუნვეყოფს ხმების ხელახალი დათვლისა და გაბათილების მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს, რაც ეწინააღმდეგება ოდირის წინა გრძელვადიან რეკომენდაციებს.

„ეს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებს გადაწყვეტილების მიღების ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებს შესაძლოა შერჩევითი მიდგომა ჰქონოდათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ოდირმა განაცხადა, რომ ყველა საჩივარი საფუძვლიანად უნდა იქნას განხილული და კანონი არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული ან აღსრულებული ისე, რომ კიდევ უფრო შეზღუდოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების ძიების შესაძლებლობები.

ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისია 26 აგვისტოს გახსნა. სადამკვირვებლო მისიის გუნდი თბილისში განთავსებული 12 ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგებოდა. მისიამ პირველი და მეორე ტურებისთვის ქვეყანაში ასევე განათავსა 245 და 87 მოკლევადიანი დამკვირვებელი.

სრული ანგარიშის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button