ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრებას საარჩევნო რეფორმის შესახებ განსხვავებული რეაქციები მოყვა

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა სამართლებრივი არგუმენტების ნაკლებობის გამო. ოპოზიციამ, თავის მხრივ, უკმაყოფილება გამოხატა ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ და ის ევროპული ღირებულებების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. საპასუხოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციის ბრალდებები უარყო.

ცესკოს განცხადება

21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ „მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო“. ცესკოს თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის“ ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ და „ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ“.

„საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის. ამასთან ერთად, ისინი [ოპოზიცია] არ საუბრობენ ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის  პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრების გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმების საჭიროება, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, -ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო აღნიშნავს, რომ ცესკოს ყველა პროფესიული წევრი და მათ შორის თავმჯდომარე, უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად ახორციელებენ და „არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად, ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად.

„კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება საერთო ინტერესია“, – აცხადებს ცესკო.

მმართველი პარტიის გამოხმაურება ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე

გივი მიქანაძე, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი. დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით. ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე თუ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო… ინერგება ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, და ამიტომ საჭიროა ცესკოს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს“.

რატი იონათამიშვილი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ისეთი რეკომენდაციები მივიღეთ, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა,  არის პოლიტიკური კონტექსტები, თანაც ისეთი შინაარსის, რომელიც უკვე წარსულია და დღეს მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესს, განვითარებას და ხვალინდელი დღისკენ ხედვას“.

მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „პრაქტიკამ აჩვენა, რომ შეიქმნა კონკრეტული ჩიხი იმ წესებიდან გამომდინარე, რაც გვქონდა მიღებული. ჩიხი შეიქმნა, საიდანაც გამოსავალი საუკეთესო გამოსავალი არ იყო. იმიტომ, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც არსებობდა ცვლილებებამდე, ვერ უზრუნველყოფდა, ჯეროვანი გარანტიების შექმნას, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს იმ ცვლილებებს, რომელსაც ამ თავლსაზრისით შეგვიძლია ვენდოთ“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას და პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად “რუსული პარტიის” მიერ იყოს დანიშნული. ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ვენეციის კომისიის დასკვნაც ხომ იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირი, არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ამიტომ არის, რომ ასეთ ბუტაფორიულ რეფორმებს იღებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button