ახალი ამბები

შარლ მიშელი საქართველოს სტუმრობს 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციის ლიდერებს.

შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მეტი ევროკავშირი საქართველოში ძლიერი გზავნილია ჩვენი პროგრესისა და განვითარებისთვის, გზავნილი, რომელიც გამოწვევების მიუხედავად, უცვლელი რჩება“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან უთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ქართული ოცნება არის „მოტივირებული“ და ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. „ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან სთხოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ „რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის“.

მისივე თქმით, მან უთხრა პრეზიდენტ მიშელს, რომ ქართულმა ოცნებამ „თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან“.

პრეზიდენტი მიშელი ოპოზიციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მათთან ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილა, მათ შორის, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი ფრაქციიდან „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან, ლევან იოსელიანი მოქალაქეებიდან, ფრიდონ ინჯია ევროპელი სოციალისტებიდან, გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი და ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან „საქართველოსთვის“.

შეხვედრის შემდეგ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტ მიშელს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ხელისუფლება ღიად ეყრდნობა ძალადობრივ ჯგუფებს და საქართველოს ხელისუფლება უპირისპირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“. მისივე თქმით, მათ ასევე იმსჯელეს ჟურნალისტებზე თავდასხმებსა და „ტელეკომპანი პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მიშელი ჯერ ოპოზიციას შეხვდა და შემდეგ ხელისუფლებას, იყო მნიშვნელოვანი გზავნილი მთავრობისთვის.

დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ „ღიად“ არღვევს ამ შეთანხმებას ქართული ოცნება.

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენები განიხილეს, რაც „არა მხოლოდ უკან დახევაა ჩვენი ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას“.


პრეზიდენტი მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. იგი ბათუმის აეროპორტში 18 ივლისს ჩაფრინდა. კონფერენციაში, რომელიც დღეს მოგვიანებით დაიწყება, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუც მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როდესაც მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ამასთან, მთავრობა 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებითაც გახდა კრიტიკის ობიექტი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრასაც გამართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button